იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით ე.წ. რაიფაიზენის საქმეზე სახელმწიფომ, მინიმუმ, 180 მლნ დოლარი დაზოგა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ე.წ. რაიფაიზენის საქმეზე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოსდა საქართველომ „რაიფაიზენ“ ბანკთან მოლაპარაკებები „საიდუმლო ვითარებაში აწარმოა“ და გადარიცხული 25 მლნ დოლარიდან ბანკმა „მხოლოდ 15 მლნ დოლარი მიიღო“. სინამდვილეში, „რაიფაიზენ“ ბანკი საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას აწარმოებდა, რომელიც დასრულდა მორიგებით; აღნიშნული მორიგების ფარგლებში 25 მლნ დოლარი ბანკმა რამდენიმე ტრანშად მიიღო.
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ავსტრიაში რეგისტრირებულ ფირმა „Raiffeisen Bank International AG“-სთან საარბიტრაჟო დავის მორიგებით გადაწყვეტისათვის 2012 წლიდან აწარმოებდა რთულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებს საქართველოს ინტერესების დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებას საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო 2006 წლიდან უშედეგოდ ცდილობდა და წარმატების მიღწევა მხოლოდ 2015 წელს გახდა შესაძლებელი.
2012 წელს, მოლაპარაკებების განახლების მომენტში, ბანკი არბიტრაჟში თავის მოთხოვნას აფასებდა 210 მლნ დოლარის ფარგლებში, თუმცა, მოლაპარაკებების პროცედურების დასრულებამდე ეს თანხა კიდევ გაიზარდა და იყო 210 მლნ დოლარზე გაცილებით მეტი. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისა და ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შედეგად ქართულმა მხარემ, მინიმუმ, 210 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად, მოდავე მხარეს გადაუხადა მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები თანხა − 25 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელიც საჯაროა, მითითებული იყო, რომ ბანკს თანხა უნდა ჩარიცხვოდა რამდენიმე ტრანშად, რაც შესრულდა კიდეც – პირველი ტრანში – 5 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა 2015 წლის დეკემბერში; მეორე ტრანში – 10 მლნ აშშ დოლარი – 2016 წლის თებერვალში, მესამე ტრანში 10 მლნ აშშ დოლარი – 2017 წლის 20 იანვარს. თანხის გადახდა დასრულდა 2017 წელს. მორიგების თანხის განწილვადება მიზნად ისახავდა მორიგების მთლიანი თანხის ფინანსური ტვირთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ერთიანად დაკისრების თავიდან არიდებას.
ინფორმაციისთვის: 1998 წლის 21 აგვისტოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგომ“ კომპანია „Anglo Oil International Ltd.“-თან გააფორმა გაზისა და საწვავის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი; თავის მხრივ, 1998 წლის 5 ოქტომბერს „ანგლო ოილმა“ ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის დაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობამ, ჯამში, 18,850,000.00 აშშ დოლარი შეადგინა. 1998 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ინვესტორი კომპანია „ანგლო ოილის“ მიერ 1998 წლის 5 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ბანკისგან აღებული ვალის გადახდა. ამავე საგარანტიო ხელშეკრულებით, „ანგლო ოილმა“ ბანკს დაუთმო საქართველოს მიმართ თავისი მოთხოვნის უფლება ზიანზე. 1999 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანება შეადგენდა 46,206,839.43 აშშ დოლარს, რაც იმ დროს ოფიციალური დოკუმენტებით აღიარებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. აღნიშნულ დავალიანებას ერიცხებოდა წლიური 12.94 პროცენტი.
2005 წლის 31 აგვისტოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ბანკმა შეიტანა სარჩელი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსა“ და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავის საფუძველს წარმოადგენდა 1998 წლის 16 დეკემბრის შესრულების საგარანტიო ხელშეკრულება. ბანკი ქართული მხარისაგან მოითხოვდა დავალიანებისა და მასზე დარიცხული პროცენტის ანაზღაურებას.
2006 წლის 3 მარტს ბანკის მოთხოვნით საარბიტრაჟო განხილვა შეჩერდა და მხარეები არაერთი წელი ცდილობდნენ საკითხის მოგვარებას მოლაპარაკებების გზით, თუმცა, პროცესი უშედეგოდ დასრულდა 2012 წელს. 2012 წლის მაისში ბანკმა განაახლა კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფოსთან და მოითხოვა მოლაპარაკებების გაგრძელება. 2015 წლის 5 ივნისს, ბანკის მოთხოვნით, მხარეებს შორის შეჩერებული საარბიტრაჟო დავა განახლდა და ქართული მხარე, მოლაპარაკებების პარალელურად, ჩაერთო საარბიტრაჟო პროცესში.
არაერთი რთული და ხანგრძლივი რაუნდის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ შეძლო შეთანხმების მიღწევა მომჩივან მხარესთან. იმ ვითარებაში, როდესაც სადავო თანხის სრული მოცულობა, მასზე დარიცხული პროცენტის ჩათვლით, მინიმუმ, 210 მილიონს აღწევდა, ქართულმა მხარემ „Raiffeisen Bank International AG“- “-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აიღო ვალდებულება, მოდავე მხარისათვის გადაეხადა თითქმის ათჯერ ნაკლები თანხა − 25 მილიონი აშშ დოლარი. შეთანხმების საფუძველზე, ბანკმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა და, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, აღარასოდეს უჩივლოს ქართულ მხარეს საარბიტრაჟო შეთანხმებით დარეგულირებულ საკითხზე.
შესაბამისად, ე.წ. რაიფაიზენის საქმეზე საარბიტრაჟო დავის შეთანხმებით დასრულება იყო ქართული მხარის წარმატება, რომელმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს ბიუჯეტიდან, მინიმუმ, 180 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვა. ყველა სხვა ინტერპრეტაცია ამ საქმისა წარმოადგენს დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას”,- ნათქვამია განცხადებაში.