დავით მათიკაშვილი: ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, რადგანაც წინ არის კიდევ რესურსი
ოპოზიცია მოლაპარაკებაზე “ულტიმატუმებით მივიდა და, მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდგომ ნაბიჯებზე მათი მხრიდან საუბარი ზედმეტი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
„ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, რადგანაც წინ არის კიდევ რესურსი, არის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის შეთანხმებით ვერ დასრულდა მოლაპარაკება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი, რათა კომპრომისული, ზეპარტიული, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ საზოგადოებამ კარგად მოისმინა, აკაკი მინაშვილის ალბათ მთავარი წამოცდენა, როდესაც პირდაპირი გზავნილი გააჟღერა კიევიდან და თქვა, რომ რეალურად ოპოზიცია მოლაპარაკებაზე ულტიმატუმებით მივიდა და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდგომ ნაბიჯებზე მათი მხრიდან საუბარი ზედმეტი იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.