ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტო)
ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ -ში შევიდა ინფორმაცია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შესახებ.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
მეზობელი ბინებიდან დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა. პარალელურად, მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ბინიდან ცეცხლი გადასული იყო ქვედა სართულის აივანზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მეხანძრე-მაშველებმა, ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხეს ხანძრის სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.