დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიმართული იქნება ახალი მარკეტინგული პროდუქტების შემუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. თანამშრომლობის მიზანია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა მოაწერეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, შევძლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა და არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება”, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ. „მემორანდუმი, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გამოხატავს მხარდაჭერას დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი, მიზნად ისახავს, ერთად მოვიძიოთ ის გზები და შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უნიკალურ საგანძურს, დაცულ ტერიტორიებს. ამავდროულად, მომავალი თაობებისთვის მისი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, მოხდება მათი დაცვის გაძლიერება“, – განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.