სვიმონ მასხარაშვილი: დღეს რომ არჩევნები იყოს, ხმები ორ პოლიტიკურ ძალას შორის 60-40-ზე შეფარდებით გადანაწილდება, დანარჩენები სათვალავშიც ვერ აღმოჩნდებიან

ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე კავკასიაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაჭიანურებულ მოლაპარაკებებზე, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ სადღეისო ინტერესებზე ,,კვირა“ ისტორიკოსს, პროფესორ სვიმონ მასხარაშვილს ესაუბრა:

-ყარაბაღის ომის შემდგომ, კავკასიაში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა. რა დაკარგა და რა მოიგო ამ ომის შედეგად საქართველომ?

-საქართველოს ამ ომის შედეგად არაფერი დაუკარგავს, პირიქით, მსოფლიოს თვალში გაიზარდა მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. მართალია, რუსეთმა დამატებითი სამხედრო კონტინგენტი შეიყვანა კონფლიქტის ზონაში, თუმცა, სამხედრო თვალსაზრისითაც 15 000 მშვიდობისმყოფელიც კი ბევრს არაფერს ნიშნავს, მით უფრო მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყანა – თურქეთი იქვე დგას საკუთარი ჯარით. ფაქტობრივად, ყარაბაღის ომის შემდეგ, რუსეთის პოზიციები კავკასიაში შეიზღუდა. შორსმიმავალ პერსპექტივაში რუსეთმა ერთგული მოკავშირე სომხეთი გაწირა და ამით ერთ დროს უერთგულესი მეკავშირის რისხვა დაიტეხა თავს როგორც სომხეთის მოსახლეობის, ისე – რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში მცხოვრები სომეხი ეთნოსისგან. სომეხ ერს ამ ომის შემდეგ გაუჩნდა განცდა, რომ მას რუსეთმა უღალატა და გაწირა.

-უკანასკნელ დღეებში ვაკვირდებით სამხედრო გადატრიალების მცდელობას ერევანში. პუტინის ინტერესებში არ შედის პროდასავლელი ფაშინიანის პრემიერმინისტრობა?

-ფაშინიანი დღემდე პროდასავლელ ლიდერად აღიქმება. მიუხედავად პუტინის დიდი მცდელობისა, სამხედრო ძალით გადაეყენებინა სომხეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან, ეს დღემდე ვერაფრით მოახერხა. სომხურ სამხედრო ძალებშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. რუსები, ომის შემდეგ, სომეხი სამხედროებისთვისაც არაერთგული მოკავშირეები აღმოჩდნენ. ყარაბაღის ყველა სტრატეგიული ტერიტორია აზერბაიჯანმა დაიბრუნა. ნახჭევნის საშუალებით აზერბაიჯანის პირდაპირი საზღვარი გაეხსნა თურქეთთან, რომელიც აძლიერებს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანში საკუთარ სამხედრო გავლენას. სომხეთის კატასტროფული მარცხი ამ ომში რუსეთმა აზერბაიჯანს ,,გაუპრავა,“ თუმცა, ამით საბოლოოდ დაკარგა ერთადერთი სანდო პარტნიორი კავკასიაში.

-ყარაბაღის ომის შემდეგ, მოსკოვში პუტინის ფასილიტაციით გაიმართა ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა, რითაც რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ კავკასიაში ის ერთადერთ მომრიგებელ და მშვიდობისმყოფელ მხარედ რჩება.

-ამ შეხვედრით რუსეთმა კავკასიაში საკუთარ პრესტიჟს გაუსვა ხაზი. მან თითქოს დაიბრუნა კავკასიაში მშვიდობისმყოფლის ფუნქცია, რომელიც 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. ყარაბაღის ომამდე რუსეთის ერთადერთი სტატუსი კავკასიაში ოკუპანტის სტატუსი იყო. ამასთანავე, არ დააყოვნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც დასავლეთმა რუსეთს სანიუნბერგო განაჩენი გამოუტანა, რითაც სრულიად გააუფასურა რუსეთის ,,მშიდობისმყოფლის“ მცირე ხნით მოპოვებული სტატუსი. სტრასბურგის გადაწყვეტილება ბევრად აღემატება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ასამართლებენ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულებებისათვის. სტრასბურგს კი ქვეყნებისა და ერებისთვის გამოაქვთ განაჩენი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიჰუმანური ქმედების გამო. მიმაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ასე სწრაფად იმიტომ გამოიტანა რუსეთის წინააღმდეგ განაჩენი, რომ ყარაბაღს ომის შემდეგაც მისთვის არა მშვიდობისმყოფელის, არამედ ოკუპანტისა და დამნაშავე სახელმწიფოს სტატუსი შეენარჩუნებინა.

-სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასავლეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას დასავლური სამყაროსთვის?

-2016 წლიდან თურქეთის პრემიერმინისტრი, ერდოღანი აშკარა ისლამიზაციის გზას დაადგა, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებში თურქეთის მიმართ ნეგატიურ განწყობას ზრდის. კავკასიაში პოზიციების განმტკიცებას ცდილობს რუსეთიც. ამასთან, სამი კავკასიური სახელმწიფოდან ორი უშუალოდაა ჩართული კონფლიქტში. აზერბაიჯანი თურქეთის მეკავშირეა, სომხეთი იზოლირებულია. ევროპისა და ამერიკის პარტნიორად კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფო, საქართველო რჩება, რომელსაც ახლა ისე სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, როგორც არასდროს, მაგრამ დასავლეთსაც არნახულად სჭირდება საქართველოს ერთგულება, რათა ევრაზიის შუაწელზე უკანასკნელი პლაცდარმი საბოლოოდ არ დაკარგოს. ანუ ჩვენ (ევროატლანტიკურ სამყაროსა და საქართველოს) ერთმანეთი საციცოხლოდ გვჭირდება!

-ევროპელი ლიდერების დაინტერესება საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებით, ამ ფაქტით აიხსნება?

-რასაკვირველია. თუ აკვირდებით, ევროპარლამენტარები როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, დისტანცირდნენ პოლიტიკური პროცესებისგან. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესია, ესაა წინაპირობა იმისა, რომ ქართველი ერი გათავისუფლდეს პიროვნების კულტის მავნე სენისგან და პოლიტიკური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს.

-თუმცა, ქართული პოლიტიკურ ველზე დაპირისპირებული მხარეების პოზიციათა დაახლოება მაინც ვერ ხერხდება…

-დააკვირდით, ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში ახალი ლიდერები გამოჩდნენ. ოპოზიციონერ ლიდერთა შორის აშკარად გამოიკვეთა ნიკა მელიას ავტორიტეტი, რომელმაც გლდანის მაჟორიტარული არჩევნები კინაღამ მოიგო. დღეს ის ინდივიდური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი არცერთი დანაშაული არ ბრალდება, ის მაშინ არც პოლიტიკაში და არც ხელისუფლებაში არ იყო. მელია თავის ირგვლივ პიროვნულად იკრებს მომხრეებს და აშკარა ლიდერული თვისებებითაც გამოირჩეოდა. დასამალი არავისთვის იყო, რომ გრიგოლ ვაშაძე პარტიულ ლიდერად ვერაფრით ჩამოყალიბდებოდა და ქართულ პოლიტიკაში ვერ იმუშავებდა ვერც ის პარტიული სია, რომელიც ვაშაძემ ,,ნაციონალური მოძრაობას“ შეუდგინა.

-ის პარტიული სია გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილთან შეუთანხმებლად არ დაუწერია.

-მელიამ გადაახალისა ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მასში ახალ ძალებს იზიდავს. ყველასთვის ნათელია, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე სააკაშვილის ,,ხელის ბიჭი“ არ იქნება. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, მელია დამოუკიდებელი, მზარდი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ფიგურაა. მეორე, გამოკვეთილად რეიტინგული ფიგურა ელენე ხოშტარიაა, რომელმაც მკვეთრად გამოხატულ ,,ანტინაცურ“ რაიონში, ვაკეში შეძლო სოლიდური რაოდენობის ხმების დაგროვება. 2020 წლის არჩევნებმა პარალელურად დაგვანახა, რომ წარსულში ქართულ პოლიტიკაში ოდიოზურმა ფიგურებმა, როგორებიც იყვნენ ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, ფაქტობრივად, 0%-იანი შედეგი მიიღეს. ზუგდიდში უგულავამ მხოლოდ მე-3 ადგილზე გასვლა შეძლო. არჩევნების შემდეგ დაიშალა ბარიერგადალახული ,,გირჩი“, რომელთა ხმების ნახევარი ინდივიდურად მოიპოვა მათმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. წარუმატებელი იყო გიორგი ვაშაძის პარტიაც, რომელმაც, საბოლოოდ, ხმების 5%-იც ვერ მოაგროვა. ,,ლელომაც“ ვერ შეძლო 5%-იანი ლელოს დადება, რაც არჩევნებში კარგ შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მიუხედავად დიდი ფინანსური დანახარჯისა. დაიშალნენ ,,ევროპელებიც“, რაც შეეხება ,,პატრიოტებს“, მათ გასულ არჩევნებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები ხმა მიიღეს.

-მმართველ პარტიაზე რას იტყვით?

-იქაც გამოიკვეთა გამორჩეული ახალი ლიდერი გიორგი გახარიას სახით, რომელმაც ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და ხმების დაგროვებაში ლომის წვლილი შეიტანა, ცხადია, თავად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ყველა კვლევა მის მაღალ პერსონალურ რეიტინგზე მიგვანიშნებს. გახარიასადმი სერიოზული ნდობა და მინიმალური აგრესია აქვს ბევრ ამომრჩეველს, მათ შორის, ოპოზიციაშიც.

-მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მას ,,თვალთხარია გახარია“ უწოდა?

-მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გახარიას ინიციატივა არ ყოფილა მომიტინგეებისთვის რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა. გადადგომისას გახარია განაცხადა, რომ მიუხედავად მელიას დანაშაულისა, მისი დაჭერა მაინც არ შეიძლებოდაო. თავის მხრივ კი მელია აცხადებს, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა, გახარიამ გადადგომისას სწორი გადაწყვეტილება მიიღოო. სწორედ ეს ორი ადამიანი მიმაჩნია მომავალ პოლიტიკურ მოლაპარაკებათა პროცესში ხიდად პოზიციასა და ოპოზიციას შორის.
-საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო, პოლიტიკური პარტიები რა შედეგს დადებდნენ?
-მგონია, რომ ხმები დაახლოებით 60-40-ზე გადანაწილდება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. ამომრჩეველი მაშინ არც ვაშაძეზე გიჟდებოდა და არც ზურაბიშვილზე, თუმცა, ამ შემთხვევაში ამომრჩევლებმა ხმა მისცეს არ კონკრეტულ პერსონათა პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე, არამედ ხმა მისცეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სძულდათ ან უყვარდათ “ნაცები” და რამდენად სურდათ ან ეშინოდათ “მიშას დაბრუნების”. ასეთი მოტივებით არჩევანის გაკეთება ჩვენს დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს, მაგრამ რას ვიზამთ, 2018-ში ეგ რეალობა იყო.. ასე მოხდებოდა, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. თუ ,,ანტინაცური“ ფრონტი არ გაიხლიჩება და “ოცნების” ამომრჩეველი და “ოცნების” მატერიალური რესურსები გახარიას არ დაუპირისპირდება, მაშინ ანტინაცური პოლიტიკური ძალა მიიღებს ხმების 50- 60%-ს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ კი 30- 40%-ს. იმიტომ , რომ ამომრჩეველთა 30-40 % ნაცებისთვის, ნეო ან ექსნაცებისთვის არის ხმის მიმცემი, მაგრამ ამომრჩეველთა დაახლოებით 50-60 % -ს სძულს “ნაცები”.

-დანარჩენი პარტიები არ ითვლება?

-დანარჩენ პარტიათა ხმები “ანტინაცური მოძრაობის” ახალ ლიდერ გიორგი გახარიასა და “განახლებული ნაციონალური” მოძრაობის ახალ ლიდერ მელიას შორის გადანაწილდება, ასე მგონია.
ამასთან, როდესაც პოლიტიკური პარტია, რომელიც 3-4-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად მხოლოდ 1-2%-ს აგროვებს, მაპატიეთ, მაგრამ მათ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ.

-შარლ მიშელის მედიაცია ქართულ პოლიტიკაში შედეგს გამოიღებს?

-მედიატორის ფუნქცია ისაა, რომ მოლაპარაკებათა პროცესში შედეგის მიღწევა შეძლოს, რაც ორივე მხარის დათმობით მიიღწევა. მე თუ მკითხავთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ორივე მხარე მოვალეა, რაღაც დათმობაზე წავიდეს ქვეყნის სასარგებლოდ. ეს იქნება სწორი პოლიტიკა.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები