მამუკა არეშიძე: გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, აქედან ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის საქართველოს

ექსპერტი მამუკა არეშიძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.

ექსპერტი ინტერვიუში, “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებსაც ეხმაურება.

“მოლაპარაკებების პოზიტიურ ფინალს ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიშელის გუნდი ისეთ რამეს შესთავაზებდა მხარეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, რაც მათ ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. როგორც ჩანს, ასეთი შეთავაზება მართლაც იყო – დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიდან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შეთანხმების პირობები, მეტის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო. ოპოზიციას აქამდე ჰქონდა დღის წესრიგი, რომელიც ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. მათი მთავარი პირობა, ფაქტობრივად, ძალაუფლების მათთვის გადაბარება იყო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ მიიყვანა. საბოლოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ერთი მხრივ, სირცხვილია, რომ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ყოველთვის, როცა მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ვიღაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან და ჩვენი მორიგება სცადოს. მეორე მხრივ, სიმწარეგარეული იუმორით ვიტყვი – თურმე რამხელა ფასი ჰქონია პატარა საქართველოს, რომ აქ სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში ამდენი და ასეთი რანგის ხალხი ჩაერთო.

რაც შეეხება პლებისციტს, აქამდეც ვფიქრობდი, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან. ყველაზე მარტივი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა შენარჩუნდა, პლებისციტის შედეგად ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ეს უმრავლესობისთვის გაუგებარი, მეტიც – მიუღებელია. “ნაცმოძრაობაში” ფიქრობენ, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, ამიტომაც ეშურებიან ვადამდელ არჩევნებს. აქამდე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს ამ შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ვნახეთ, რამხელა რანგის დასავლელი დიპლომატი – შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი­. ახლა უკვე მისი პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ამ რეგიონს და საქართველოს, როგორც აქ მის საყრდენს.

ეს არის მათთვის ერთგვარი პლატფორმა და, ბუნებრივია, იმ რეგიონული ცვლილებების ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქ შექმნილი ვითარება უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქარ­თველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ – არა… დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რომ გითხრათ, ხელისუფლება სრულად ხედავს რეალობას-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედარებაც არ არის, იმიტომ, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა გადაგებული, როგორმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

რადიკალურ ოპოზიციაში კი დაუჟინიათ, არჩევნები გაყალბდაო და სხვა არაფრის გაგონება არ სურთ, მაგრამ რომც ჩატარდეს ეს ვადამდელი არჩევნები, თუ ისევ “ოცნებამ” მოიგო, აღიარებენ კი ამ შედეგს?

ძალიან მეეჭვება, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში ის კი არ აინტერესებთ, რეალურად ვის უჭერს მხარს ამომრჩეველი, არამედ მათ უპირობოდ სურთ ძალაუფლება ჩაიბარონ. ანუ მათი რიტორიკა ასეთია – “არჩევნები აუცილებლად მე უნდა მოვიგო”. რაც შეეხება პლებისციტს, ვფიქრობ, ამით ოპოზიციას საყრდენი საბოლოოდ გამოეცლება. დასავლელი პოლიტიკოსებისგან უკვე ისმის კითხვები, რატომ ცდილობენ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მათივე პარტნიორების იმიჯის შელახვას, მათ დისკრედიტაციას მუდმივად იმაზე ლაპარაკით, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ძალიან ავტორიტეტული დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ცალკეული ქვეყნები ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არც ერთ დამკვირვებელ ორგანიზაციას არჩევნების შედეგები საეჭვოდ არ მიუჩნევია.

ბუნებრივად ისმის კითხვა: ვის თამაშს თამაშობს რადიკალური ოპოზიცია ამაზე მუდმივი პედალირებით?! მათი ნაწილი, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, მესამე ძალის ძალიან სახიფათო თამაშის მონაწილეა!

თუ დავფიქრდებით, დღეს რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში გავლენები მნიშვნელოვნად იცვლება და ყარაბაღის ომის შედეგი საბოლოო არ არის, მუდმივად არეულობის კერის შექმნის სურვილი ვისი ინტერესი შეიძლება იყოს, თუ არა რუსეთის? მე არაფერს ვამტკიცებ, მოვლენების განვითარების ანალიზის შედეგად ვსვამ­ ამ შეკითხვას. ხომ ფაქტია, რომ აქ დასავლეთის გავლენის შესუსტება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენი საზოგადოების დანაწევრებაა რუსეთის მიზანი, რასაც, წლებია, ცდილობს. მაშ, რატომ ვერ ხედავენ ამას ოპოზიციაში?
მენიშნა ბრაიზას განცხადება, რომლის მიმართ დიდი სიმპათია არ მაქვს – ყველასთვის ცნობილია, რომ მას “ნაცმოძრაობასთან” ახლო კავშირი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მის განცხადებაში გამოჩნდა სწორედ იმის შიშიც, რომ ამ პროცესის უკან მესამე გარე ძალა შეიძლება იდგეს. მან ილაპარაკა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ მისი მიმართვის ადრესატი დასავლეთიც იყო. ბრაიზა ამიტომ მოუწოდებს სიფრთხილისკენ პარტნიორებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში გარე ძალის ინტერესებს ხედავს. ხელისუფლებამაც დაუშვა არაერთი შეცდომა, მათ შორის – მელიას დაპატიმრება, რაც არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ახლა ამის გაუკეთებლობა მათ სისუსტეს წარმოაჩენდა, არადა, ადვილად შეეძლოთ ამის თავიდან აცილება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს პროვოკაცია მაშინ დაგეგმა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხელისუფლება კი ამ პროვოკაციას დაუფიქრებლად წამოეგო. გარდა ამისა, უდიდესი შეცდომები დაუშვეს აქამდეც, თუნდაც კოაბიტაციის პროცესში თუ სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმირების დროს – რომელი ერთი ვთქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც ტაქტიკური შეცდომებია. მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა “ქართულ ოცნებას” არ დაუშვია, მით უფრო – ბოლოდროინდელ პროცესებში, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის მთავარ გამწევ ძალად იქცა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც მზად არის, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. “ლელოს” ჰქონდა საშუალება და რესურსი, რომ დამოუკიდებლად ეთამაშა და მართლაც ქცეულიყო მესამე ძალად, თუმცა მათ გადაწყვიტეს “ნაციონალური მოძრაობის” გავლენით ემოქმედათ, რაც ჩემთვის აუხსნელია. დანარჩენი პარტიების ნაწილი “ნაცმოძრაობის” ნატეხია და არაფერია მათგან გასაკვირი, ნაწილი კი სულ ორ-სამკაციანი, სრულიად ურეიტინგო პარტიებია, რომლებსაც ხმაური აწყობთ და ამიტომაც მიეკედლნენ “ნაცმოძრაობას”.

რაც შეეხება “ნამახვანჰესს” – ქუთაისში გამართული აქცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის აცდენილი ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესები. სწორი და ლოგიკურია თუ არა ეს საპროტესტო აქციები სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საზოგადებას, ხალხს ვერ აუხსნეს, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქ­მე და რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის­ ენერგოუსაფრთხოება. მხოლოდ ნამახვანს არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ზო­გადად ენერგეტიკული პროექტების განვითარების თვალსაზრისით ხდება. საზოგადოების განწყობაა ისეთი, რომ ყველგან და ყველანაირი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ეს პროცესი მესამე, გარე ძალის მართულია. ვიმეორებ, ეს პირდაპირ “ნამახვანჰესს” არ ეხება, ეს ეხება, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სიძლიერეს. მოკლედ, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის ნაპრალია, რაც პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში ერთ მხარეს ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება, მეორეს – მოსვლა.

რაც შეეხება ტვ “პირველის” ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებს – ვიდრე არ დადგინდება ამ ჩანაწერის დრო და ავთენტურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილობრივ დაადასტურეს მისმა მონაწილეებმა, არ ვაპირებ შინაარსზე კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაწერებით ბრძოლას, ეს იქცა ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ატრიბუტად, რაც უკვე ძალიან მოჰბეზრდა საზოგადოებას, რომლის უფლებებსაც არავინ იცავს – არც მედია, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს განუკითხავად ერთმანეთის მოსმენა და მერე ამ ჩანაწერების ფრიალი. მგონია, ერთი გუნდის წევრებიც კი ეჭვობენ, რომ ერთმანეთს უსმენენ. არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ეს დასაწყობებული ჩანაწერები განადგურდეს და ყველა, ვინც ეცდება ამგვარი უკანონოდ ჩაწერილი საუბრების გამოქვეყნებას, მკაცრად დაისაჯოს. ეს ეხება მედიასაც, რომელიც ლამისაა საზოგადოების დატერორების ინსტრუმენტად იქცეს. უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებას ამ ყველაფრისგან დაიცავს. თუ ეს მართლაც 2011 წელს არის გაკეთებული, მაშინ უეჭველია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნებისგან მოდის, რომლებიც რაღაცისთვის ინახავდნენ ამ ჩანაწერს. თუ ახალი ხელისუფლების დროს არის ჩაწერილი, არ არის გამორიცხული, ეს შიდა ბრძოლის გაგრძელებაც იყოს. ფაქტი ერთია – საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში წინა ხელისუფლების დაწყებული უკანონო მოსმენა დღესაც გრძელდება და ეს უნდა დასრულდეს!

პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ “ქართულ ოცნებაში” მართლაც გაჩნდა გაუგებრობები, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კალაძე არსად წავა, მეტიც – სწორედ ის იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. უკეთესის მოძებნა ძალიან გაუჭირდება “ქართულ ოცნებას”.

რაც შეეხება სერგეი ნარიშკინის განცხადებებს – ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა რატომღაც მოწინააღმდეგის მხარდაჭერად აღიქვეს, ანუ “ქართულმა ოცნებამ” ეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერად მიიჩნია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – პირიქით, რაც არასწორი მიდგომაა. ნარიშკინის ეს განცხადება, უპირველესად, გზავნილია დასავლეთისთვის, მათთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, ჩვენც აქ ვართო… უკვე ვთქვით, რომ მიშელის ჩამოსვლა და ქართული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთის გააქტიურება მაინცდამაინც იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბედი აღელვებთ – რა თქმა უნდა, არა! მათთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე აქ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს დემოკრატიის განვითარება, რადგან ჩვენი ქვეყანა არის მათი საყრდენი რეგიონში. და მოგეხსენებათ, სადაც საყრდენია დასავლეთისთვის, რუსეთს სურს, იქ იყოს ქაოსი. ეს არის ნარიშკინის განცხადების შინაარსიც და ქვეტექსტიც…

თუ აქ პოლიტიკური კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაში მართლაც მონაწილეობს მესამე ძალა, მაშინ ხომ გასაგებია, რისთვისაც სჭირდება კრემლს ამგვარი განცხადებები?! რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები