დავით მათიკაშვილი: არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი
“პირველ ყოვლისა, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესებით ტარდება.
„არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, სამწუხაროდ, რაღაც მსგავს ნიშნებს ვხედავთ. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ასეთი რამე. აქ საუბარია თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა პირებს შორის, მათ შორის, ტელევიზიებს შორის. პირველ ყოვლისა, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა და საზოგადოებას რაღაც ინფორმაციას აწვდის, ჩემი აზრით, ცრუს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადასტურებული იყოს, ტარდება გამოძიება,“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.