გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკის სამინისტროს 20-გვერდიან პასუხში წარმოჩენილია EMC-ის “კვლევის” სპეკულატიური ხასიათი, კონტექსტიდან ამოღებული თემების დეტალური ანალიზი და მათი რეალური განმარტება

ნამახვანის ჰესის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება და კვლევიდან საკვანძო ამონარიდებსა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხებს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს 20-გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ის ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.

„ეკონომიკის სამინისტრო EMC-ის მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ სპეკულატიურ შეფასებას პასუხობს სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ის ცხრაპუნქტიანი პუბლიკაცია ეხება. სამინისტრო მიიჩნევს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას. წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს”“ – წერს ნიკოლაშვილი.

მისივე თქმით, “გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმოჩენილია როგორც EMC-ს “კვლევის” სპეკულატიური ხასიათი, ასევე წარმოდგენილია EMC-ს მიერ კონტექსტიდან ამოღებული თემების დეტალური ანალიზი და მათი რეალური განმარტებაც”.

აქვე ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და კვლევიდან საკვანძო ამონარიდებს აქვეყნებს.

„EMC-ს პრეტენზია – ნამახვანჰესის ელექტროენერგია 6.2 ცენტი ეღირება, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

სამინისტროს პასუხი – 6.2 ცენტიანი ელექტროენერგია არათუ 15-20 წლის შემდეგ, არამედ ეხლაც იმაზე იაფია, ვიდრე პიკურ მონაკვეთებში იმპორტირებული დენი, რომელთა ფასიც სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით 7-დან 11 ცენტამდეა;
ნამახვანჰესს 6.2 ცენტიანი ტარიფი წლის განმავლობაში მხოლოდ რვა თვეში ეკუთვნის. დღეს არსებული სავაჭრო მოდელით წლიური დათვლით საშუალო შეწონილი ტარიფი ჰესს 4.91 ცენტი გამოსდის;
თუკი მხედველობაში კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობას მივიღებთ, რაც ქვეყანაში პირდაპირ რჩება, ტარიფის ღირებულება კიდევ 1 ცენტით იაფდება.

EMC-ს პრეტენზია – მთავრობა 1 ლარად ყიდის 600 ჰექტარ მიწაზე მეტს.

სამინისტროს პასუხი – მთავრობა კომპანიას გადასცემს მხოლოდ “საჭირო მიწას”, რომლის დანიშნულებაც დეტალურადაა განმარტებული ხელშეკრულებაში და განკუთვნილია მხოლოდ ჰესის ასაშენებლად. ამ მიწების გამოყენება ვერ მოხდება სხვა დანიშნულებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე ვერც კომპანია მოითხოვს რაიმე მიწის ნაკვეთის გადაცემას. პროექტის სტრატეგიულობიდან გამომდინარე მიწის გადაცემა ბუნებრივია ხდება შესაბამისი რეჟიმით, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტის ღირებულებას, რომლის ხელოვნური გაძვირება ვერ მოხდება.
EMC-ს პრეტენზია – მთავრობა კომპანიას ქონების გადასახადისგან ათავისუფლებს.

სამინისტროს პასუხი – აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ინვესტორი ჩვეულებრივად გადაიხდის ქონების გადასახადს, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც განკუთვნილია გზების მშენებლობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენებული გზები მშენებლობის დასრულებისთანავე გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. კომპანიის მიერ მომდევნო წლების განმავლობაში ქონების გადასახადი 120 მილიონ აშშ დოლარს უდრის.
EMC-ს პრეტენზია – მთავრობა კომპანიას მდინარე ცხენისწყლის გამოყენების უფლებასაც აძლევს და სახელმწიფო გასწევს ჰესის ჰიდრორესურსით უზრუნველყოფის ხარჯს.

სამინისტროს პასუხი – მდინარე ცხენისწყალი რიონის აუზს უკავშირდება ლაჯანურჰესის წყალსაცავით და ეს დამაკავშირებელი გვირაბი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოქმედებს. ლაჯანურიდან გამოსული წყლის ხარჯი რიონის ქვედა წელში კონკრეტულ მაჩვენებელს იძლევა და სიცრუეა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო გასწევს რაიმე ხარჯს დამატებით წყლის ნაკადების მოსაზიდად. კომპანიის გათვლა, რითიც მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ეფუძნება დღეს არსებულ ჰიდროლოგიურ მონაცემს. კომპენსაცია გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტური მიზეზით (რაც შეიძლება გულისხმობდეს ლაჯანურჰესის გვირაბის რეაბილიტაციას) დაიკლებს წყლის ნიშნული და ეს დანაკლისი საგრძნობი იქნება ნამახვანჰესის გამომუშავებისთვის.

EMC-ს პრეტენზია – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეცვლილი კანონმდებლობა მთელ ფისკალურ ტვირთს და მძიმე ვალდებულებებს სახელმწიფოს აკისრებს.

სამინისტროს პასუხი – აღნიშნული ბრალდება სრული აბსურდია, რადგანაც ნამახვანჰესის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის საქართველოს უკვე ჰქონდა ვალდებულებები აღებული ევროკავშირის წინაშე ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ვერ იქნება კომპანიისთვის შეცვლილი გარემოებები და სახელმწიფოს არავითარი ფისკალური ტვირთი არ აწვება. ეს რისკი სრულიად დაზღვეულია და EMC-ს პრეტენზია არაკომპეტენტური და აბსურდულია“, –  წერს გურამ ნიკოლაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები