სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში აჭარის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდა

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, გამოკვლევები ჩატარდა აჭარაში. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრო. პაატა იმნაძე, ადგილზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა დიასამიძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც შეხვდნენ და პრევენციული კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის – აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე.  ასევე, ონკოლოგიური პათოლოგიების — ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით. ჩატარდა არაგადამდები დაავადებების პრევენციული გამოკვლევებიც, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქრონიკული დაავადებების მართვისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტურად მართვაში, თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

გამოკვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში – ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას; არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე; სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც  უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.

სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კამპანია, ეტაპობრივად, გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს, თითქმის, მთელს ტერიტორიას მოიცავს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებასა და დაავადებათა პრევენციის ეფექტიანობაში.

სკრინინგის კამპანია რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები