სახალხო დამცველი: დავით გარეჯის საქმეში ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ
2020 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის საქმეში ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
პირველი – შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები);
მეორე – სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.
კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა დაწვრილებით მიმოიხილა, რამდენად იკვეთება ბრალდებულების ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. ჩვენი შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით. მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა.
დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ.
ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასევე ყურადღებას ამახვილებს შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის საქმე მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.
სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკური პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ტესტით, რათა შეფასებულიყო, ხომ არ არსებობდა ბრალდების წარდგენის დროს არასამართლებრივი, აკრძალული (პოლიტიკური ან სხვა) მოტივი. ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გათვალისწინებით, შევაფასეთ ორი საკითხი: 1) არსებობდა თუ არა საქმეში პოლიტიკური ან სხვა უკანონო ქვენა მოტივი, 2) უპირატესი იყო თუ არა პოლიტიკური ან სხვა მოტივი შესაძლო კანონიერ მოტივთან შედარებით.
აღნიშნული საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. დოკუმენტში მოხმობილია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ.
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი.
ასევე, ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა.
ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.
იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.