დავით ზალკალიანი: აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება
„აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება. განსაკუთრებით ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ისევე როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ოფიციალურ Twitter გვერდზე წერს.
დავით ზალკალიანი 4 მარტს საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომლის დროსაც სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ოსტინ ლოიდმა Twitter-ის მეშვეობით აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების სფეროში საერთო მიზნების მიღწევის ერთგულია.