პარლამენტის გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო: შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის – სექსუალური ხასიათის ძალადობა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს გმობენ.

,,შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის – სექსუალური ხასიათის, ძალადობა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე:

1. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დროულად მოახდინონ რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მისცენ ყველა შესაბამისი პირი. აღსანიშნავია, რომ მომხდარ ფაქტზე შსს-ის მიერ უკვე დაკავებულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
2. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დროულად იქნას გატარებული ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დასაცავად.
3. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა თითოეულ შემთხვევაში სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დასჯილი.
4. ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზაობას, ინტენსიურად განვაგრძოთ მუშაობა ძალადობის პრევენციისა და კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდაც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უამრავი აქვს გასაკეთებელი.
5. ამასთან, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, სექსუალური ძალადობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ფაქტების გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მსხვერპლის, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შიდა ქართლში ​არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 13 წლის მოზარდმა იმშობიარა და ფაქტი სწორედ ამის შემდეგ გახმაურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები