ელდარ ნადირაძე: რომ არა ღარიბაშვილის გაბედული ქმედება, შესაძლოა, რაშის დაცვის ქვეშ მყოფი მელია კიდევ დიდხანს დარჩენილიყო “გმირად”

საქართველოს ოკუპაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებზე ,,კვირა“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ელდარ ნადირაძეს ესაუბრა:

-დღეს 25 თებერვალია, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე თარიღი…

-ეს დღე დიდი და სისხლიანი ჭრილობაა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც მთელი საუკუნით განსაზღვრა საქართველოს ოკუპაცია რუსული იმპერიის მიერ. სოციალ-დემოკრატებმა, რომლებსაც არც ეროვნება გააჩნდათ და არც ეროვნულობა, 100 წელზე მეტი იბოგინეს საქართველოში.

-დღევანდელ საქართველოს დავუბრუნდეთ. მთავარი ოპოზიციური ლიდერი ციხეშია. დამნაშავეა თუ პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელია?

-ქვეყანა, რომელშიც კანონი არ სრულდება, ქვეყანა არ არის. სამაჯური ნიკა მელიას ხელზე იყო კანონი, რომელიც მან მოიგლიჯა და ტალახში მოისროლა. მელია ჩემს თვალში არის დიდი აპარსული თავი და ძალადობით სავსე სხეული. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომელიც მას აზრს შეაცვლევინებს, მისი ყოველი სიტყვა ტანში გზარავს და გტანჯავს გრძნობა, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მას ლაგამს ამოსდებს. ფეხქვეშ აქვს გათელილი კანონი, სამართალი, სიმართლე და რაღაც ძალისგან ნება აქვს მიცემული იყოს მეთოდურად უხეში, რათა პროვოკაცია გამოიწვიოს. მას შეუძლია ნებისმიერი აზრის, ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი სიწმინდის გამასხარავება, შეურაცხყოფა, არად ჩაგდება. დროებით უხელისუფლებო იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად. მისი სულის მდინარება გამორკვეულია და ნათელი: მის აპარსულ ვეება თავ-კისერსა და ტლანქ, ძალადობით სავსე სხეულს აკლია მხოლოდ ბოლშევიკური კიკიროზიანი ქუდი, ტლანქი ჩექმები, ჩერდაკებიანი ბლუზა და სქელ თეძოებზე მჭიდროდ შემორტყმული ქამარი. დოსტოევსკის თავის ნაწარმოებში – ,,დანაშაული და კანონი“ მოყვანილი ჰყავს მთავარი პერსონაჟი, რასკოლნიკოვი, რომელსაც ყველანაირი დანაშაულის ჩადენის უფლება, თანაც ისე, რომ ეს დანაშაული არ ისჯება სამართლით. სწორედ რასკოლნიკოვის მსგავსი პერსონაჟია ნიკა მელიაც. თუ ნიკა მელია პარლამენტის შტურმისთვის არ უნდა დაისაჯოს, თავი როგორ დაიცვას ადამიანმა, რომელმაც ერთი პური მოიპარა და 6 წელი მიუსაჯეს?

-ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას დემოკრატიული ქვეყნების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

-ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი თვის წინ 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს კაპიტოლიუმში შევარდნისთვის. ამერიკაში კანონმა უნდა იკანონოს, ჩვენ კი ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს? ამერიკელი სენატორი, იან რაში შეშფოთებულია მელიას დაჭერით. სამაგიეროდ, შეშფოთებული არაა ზუსტად იმავე მოქმედების გამო, რომელიც მისმა ხელისუფლებამ განახორციელა სენატის შენობაზე შტურმის გამო.
,,დღევანდელ რეალობაში დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება, ძალადობა – ლამის გმირობად,” ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნათქვამში სრულიადაა გამოხატული სიტუაცია, რომელიც დღეს ჩვენშია გამეფებული. სახეზეა აშკარა ძალადობა, თანაც – განსაკუთრებული ცინიზმით, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი 50-მდე ადამიანი ცდილობს, ძალადობით მოვიდეს ხელისუფლებაში და არ მალავენ, რომ მათი უმთავრესი მიზანი შურისძიება იქნება. ეს არაერთხელ წარმოითქვა სააკაშვილის, უგულავას, ვაშაძის, ბარამიძის პირით. ახლა ,,ნაციონალების,, ყოფილი მოძალადეები და ადამიანთა წამებაში არაერთგზის მხილებულნი, რომლებიც ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში, შურისძიებით გვემუქრებიან და არ მალავენ ამ სურვილს. მათი ძალადობა იმდენად რეალურად მეჩვენება, რომ უკან დახევის სურვილი გამიჩნდა, რა ვქნა – ადამიანი ვარ, ოჯახი მყავს, მახსენდება ცხონებული გურამ შარაძე, როგორ უმოწყალოდ და შეურაცხმყოფელი შურისძიებით გაანადგურეს, ვერ დაიცვა თავი, ვერ დაიცვა იგი საზოგადოებამ და მე რა გარანტია მაქვს???. მახსენდება ის ბიჭები, პანტა-პუნტის რომ მიახოცეს თბილისის ქუჩებს სააკაშვილ-მერაბიშვილის “მხედრებმა”. მეტს რას აკეთებდა მამულოვი და რუხაძის ბანდა ოცდაჩვიდმეტში? მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ, ვისაც წესიერი საზოგადოებრივი ცხოვრება და დალაგებული ქვეყანა გვსურს, არაფერს ვაკეთებთ ამ მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ვსხედვართ სახლებში და ველოდებით, როდის მოვლენ ესენი და როდის ჩამოგვაცვამენ ყულფს კისერზე? მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ 50-მდე ვიგინდარას, ანუ, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის მტრებს, რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ ქვეყნის დისკრედიტაციას. ახლა ღარიბაშვილის სიტყვებმა ცოტა იმედი გამიძლიერა, მაგრამ თუ ამ კაცს ხალხი არ დაუდგა გვერდით, თუ ჩვენ შორიდან ვუყურეთ და მხოლოდ დაველოდეთ, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბარამიძე იქორწინებენ ძალადობის სარეცელზე და გარწმუნებთ, რომ დაგვებადება ისეთი სატანა, ჯერ რომ არ უნახავს საქართველოს.სხვადასხვა სასჯელის მოლოდინში ორასამდე ადამიანი ჰყავს დაპატიმრებული. სად ვიპოვოთ სიმართლე ჩვენ ქართველებმა? ამერიკა თუ დემოკრატიის აკვანია და ჩვენც მივილტვით მას დავემსგავსოთ, როგორ ავხსნათ ბატონი რაშის შეშფოთების მიზეზი? ალბათ, ჩვენ არ გვაქვს უფლება – ჩვენი კანონები განვახორციელოთ. ნიკა მელიას ძალადობის კადრები მაინც აჩვენონ ამ პატივცემულ სენატორს, სადაც ის თავისი ბრგე და გასვლეპილ-თავკისერიანი, ხელაწეული მოუწოდებს ოპოზიციის გავეშებულ ბრბოს პარლამენტში შესავარდნად. ჩვენი მმართველი ხელისუფალ მოღვაწეთა დამახასიათებელი ნიშანი გახდა უცხოური რეკომენდაციების არათუ ბუკვალური შესრულება, არამედ – გადამეტება, გადაჭარბება, ქვეშ გაგორება, პირმოთნეობა. ყველას მიმართ, ვისაც კი მოეპრიანება, შეუძლია, საქართველოს სახელმწიფო დაამციროს, მისი კანონები არარაობად აქციოს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. საქმე ისაა, რომ ჩვენი სახელმწიფო მოხელე დადამბლავებულია თავისი მდგომარეობით, თავისი თანამდებობით, იგი ფიქრობს, რომ მისთვის თანამდებობის შენარჩუნების ყველაზე მტკიცე გზა – ესაა გულის მოგება მათი, ვინც დემოკრატიის სახელით რეკომენდაციებს გვაძლევს და სულ არ კითხულობს, რამდენად პასუხობს მისი ინტერესები ჩვენსას. ნუთუ დღეს, არნახული კომუნიკაციების საუკუნეში ძნელია, აჩვენო ჩვენი ქვეყნის ბედით შეწუხებულ ბატონ რაშს იმ დღეების ქრონიკა, როცა მელია და მისი გუნდი ძალადობდა პარლამენტზე, ნუთუ ძნელია – აჩვენო მას და მის თანამოაზრეებს, ,,ნაციონალების,, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვაშაძე თავში რომ ურტყამს კანონის დამცველ პოლიციელს ან ის, ხოშტარიას ქალი მომწამვლელ გაზს რომ ასხამს სახეში პოლიციელს, ან დამტკიცებულისა და მთელი საქართველოსათვის ცნობილი რურუას (რომელიც პოლიტპატიმრადაა გამოცხადებული) ბანდის მიერ მთელი ოჯახის ამოწყვეტის საქმის მიტანა და გაცნობა ჩვენი ოპონენტებისათვის, რამდენია კიდევ ასეთი – ნამუსს რომ მოხდიდა ჩვენს ქვეყნას, მისი ხალხის პიროვნულ და საზოგადოებრივ ღირსებას. იმის მაგივრად, რომ ჩვენი სახელმწიფო მოხელე მოქმედებდეს, იძიებდეს განმარტებებს იძლეოდეს და იცავდეს თავის სიმართლეს, მოწოდებული იყოს მაგალითი – მისცეს ხალხს პრინციპულობის, ღირსების დაცვისა და აღუდგინოს შელახული თავმოყვარეობა, დადამბლავებული და შიშის ნაჭუჭშია მოქცეული. ეს უმოქმედობა და სრული შიშნაჭამობაა საფუძველი იმისა, რაშები და მასზე უსამართლო ოპონენტები ასე უსაბუთოდ რომ გვესხმიან თავს. რომ არა ღარიბაშვილის გაბედული ქმედება, ახლა შესაძლოა, რაშის დაცვის ქვეშ მყოფი მელია კიდევ დიდხანს დარჩენილიყო “გმირად”. ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება მე იმედით მავსებს…

-ოპოზიცია მასობრივ აქციებს აანონსებს და რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

-ქართველი ხალხი მათ არ გაჰყვება. ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო, აანონსებენ ის ადამიანები, რომლებსაც არც ღმერთი სწამთ, არც ქვეყანა უყვართ. გადახედეთ ქართველ პოლიტიკოსებს, მაგალითად, ბაქრაძეს. რამდენი წელია, ამ ბაქრაძეს ვუსმენ. ბიჭო, ლაპარაკობს, მაგრამ რას ლაპარაკობს: სიტყვას არ ჩააგდებს,არ დაისვენებს, აყრის – როგორც მანქანა, მუშაობს მისი საინფორმაციო ღრუ შეუსვენებლივ და მოაქვს სიტყვები მის ენას, როგორც ბალასტი კონვეიერს. არაფრისმთქმელი, აზრისგან დაცლილი და ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა დაკარგოს სიტყვამ ფასი. ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო მაშინ, როცა სააკაშვილი ბატონობდა საქართველოს და არასდროს არ უცდია, მისი ტლანქი ნაბიჯისაგან გათელილი ერთი პაწია ყვავილი მაინც გაესწორებინა. ლაპარაკით კი, იცოცხლეთ, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, როგორც რობოტი და მისი მშრალი და მჭლე სიტყვები მიჰქონდა ქარს დასაკარგავში. მიჰქონდა-მეთქი, საწყენი ისაა, რომ ეს კაცი კიდევ ლაპარაკობს, იმავ ჟინითა და იმავ უაზრობით. ამათ უნდათ ქვეყნის არევა და გადატრიალება? ქართული ოპოზიციის გულზე მარადიულ ყვავილადაა ამოტვიფრული მიშასდროინდელი ვარდების რევოლუცია. მეტი არც არაფერი იციან, შურით აღვსილი გამომეტყველებით სახეზე და გულში ღვარძლით, ქვეყანას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ამყოფებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები