ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: საქართველოს სანქციები თქვენივე ხელისუფლებამ დაუწესა იმით, რაც გააკეთეს, მრჩება განცდა, რომ ყოველივე არაევროპულ ქვეყანაში ხდება, კრიტიკული აზრის დევნა უნდა შეწყდეს
“ამ ეტაპზე სანქციებზე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ როდესაც ოპოზიციურ პარტიის ოფისში პოლიცია მსგავსი მეთოდებით შედის, მრჩება განცდა, რომ ყოველივე აღნიშნული არაევროპულ ქვეყანაში ხდება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული სიტუაცია საზოგადოებას გაყოფს.
„რა თქმა უნდა, ეს შემდგომში საზოგადოებას გაყოფს და გაამწვავებს დაპირისპირებებს, საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ის მიღწევები, რაც თქვენმა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე გაიარა, საფრთხის ქვეშ დადგება.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს წარმოვაჩენდით, როგორც ლიდერს, რომელსაც სხვა ქვეყნებმა ფეხი უნდა აუწყო ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ დღეს უკვე რთულად ჩანს ყველაფერი.
არსებულ სიტუაციაში მონაწილე ყველა მხარემ უნდა შეარბილოს რიტორიკა. მმართველი პარტია, ძირითადად, პასუხისმგებელია ყველა ქვეყანაში, როცა მსგავსი რამ ხდება.
კრიტიკული აზრის დევნა უნდა შეწყდეს. მთავრობაში არის ხალხი, ვისაც ეს ესმის, ამიტომ, ჩემი მოწოდება იქნება, რომ თუ ისინი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს, საკუთარ თავში უნდა მონახონ ძალა და ისაუბრონ ოპოზიციასთან.
პირველ ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, თუ რა მოხდა, რა ფაქტის წინაშე დავდექით, ეს საკითხები უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები თქვენ ქვეყანას თქვენივე პოლიტიკოსებმა, მმართველმა პარტიამ დაუწესა იმით, რაც გააკეთეს. ყველაზე დიდი ზიანი კი ხალხს მიადგა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
კითხვაზე, არსებულ სიტუაციაში ვადამდელ არჩევნებს ხომ არ ხედავთ გამოსავლად, ევროპარლამენტარი პასუხობს:
„არსებულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის გამოსავალი, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ორივე მხარის ჩართულობით უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, ეს ჩემი პირადი აზრია. არჩევნები ერთ-ერთი გამოსავალია, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საჭიროა საუბარი,“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.
შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.