„ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა თუ შიდა ტერორიზმია, საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?“ – გოგა ხაინდრავა კინზინგერის განცხადებას ეხმაურება

“ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა თუ შიდა ტერორიზმია, საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ამერიკელი კონგრესმენის,  ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ შეიძლება, ბატონი კინზინგერი არ ვახსენო. ბატონ კინზინგერს განცხადება გაუკეთებია, ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. მინდა, გავახსენო, რომ ბატონი კიზინგერი იყო ერთერთი იმ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს შორის,რომელმაც დონალდ ტრამპის, საკუთარი პარტიის ლიდერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი იმის გამო, რომ ტრამპის მოწოდებები იყო ანტიკონსტიტუციური და მის დასჯას მოითხოვდა. საქმე ეხება 6 იანვრის მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა კაპიტოლიუმში. იქ ადგილზე ლიკვიდირებული იყო 4 დემონსტრანტი, 150 კაცია დაპატიმრებული, ძიება მიდის. დღემდე კომიიის შექმნის მოთხოვნაა, რომელმაც ტრამპის როლი უნდა განიხილოს. ეს შიდა ტერორიზმადაა მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს, ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა თუ შიდა ტერორიზმია, საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? მინდა, ისიც გავახსენო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ დღეს 21-ე საუკუნეა, ყველაფერი გადაღებულია, როგორც კაპიტოლიუმზე შეტევის დროს, ასევე, საქართველოს პარლამეტზე შეტევის დროს. მინდა, გითხრათ, რომ ტრამპის როლი და მისი გამოსვლა მხარდაჭერების წინაშე იმასთან შედარებით, რასაც აქ მელია აკეთებდა, საბავშვო ბაღია. თუ ბატონი კინზინგერი ფიქრობს, რომ ამერიკაში სამთავრობო შენობები და დემოკრატია დაფუძნებულია კანონსა და წესზე, ზუსტად იმავე გზით მიდის საქართველო. ეს ორმაგი სტანდარტები თავისთვის შეინახოს. მეტსაც გეტყვით, ბატონი კიზინგერის ოჯახის 11-მა წევრმა დაწერა საპროტესტო წერილი და განაცხადა, რომ ის არცხვენს მათ გვარს. ეს საჯაროდ ცნობილია. კარგად დაფიქრდეს, რატომ მოხდა ეს მის ოჯახში. სანამ საქართველოზე გააკეთებს განცხადებას, დაიფიქრდეს, ოჯახის წევრებმა რა მისწერეს მას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველო კანონის გზით მიდის.

„თუ ვინმე მოგვიწოდეს, რომ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ, იქნებ, დაგვისაბუთონ? ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას დაგვისაბუთონ, დავანებოთ თავი საქართველოს მთავრობას. იქნებ ეს საელჩოები გამოვიდნენ, აგვიხსნან, რომ კანონი საქართველოში არ უნდა იყოს აღსრულებული მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს? თუ აგვიხსნიან, როგორ ხდება ეს? თუ ამერიკის საელჩოც აგვიხსნის, როგორ შეიძლება, ერთდროულად დაგმო ის, რაც ხდება 6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში, როცა მიდის შეტევა კონგრესზე და არ დაგმო ის, რაც ხდება თბილისში 20 ივნისს, როცა შეტევა მიდის პარლამენტის წინააღმდეგ. მინდა, გითხრათ, რომ ქართული პოლიცია ბევრად თავშეკავებული იყო, იქ არავინ მოუკლავთ. რა აშფოთებთ ჩვენს მეგობრებს, კანონის აღსრულება თუ კანონის არაღსრულება?
რომელ მედასავლეთეობაზე მელაპარაკება ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია? ის, რაც მოედინება იქედან, ესაა დემოკრატია? თუ ესაა დემოკრატია, მაშინ ჩვენ არ გვინდა. მე მაგალითად ასეთ დემორკატიაში ცხოვრება არ მინდა. არც ისეთ საერთო ოჯახში მინდა ცხოვრება, სადაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ კანონი არ აღსრულდეს და თავის თავს მოუწოდებენ, რომ კანონი აღსრულდეს. ეს როგორ ხდება, აგვიხსნან. ამ ქვეყანას 3- ათასწლოვანი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებს ღირებულებებზე, ყველა ერთად რომ შეკრიბო, იმდენი ხანი არ არსებობს ამ ქვეყნად, რამდენიც საქართველო. ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ. ამაზე დგას ეს ქვეყანა. კარგად ვიცით, რა არის წესი, მიტევება, სიმართლე, ცილისწამება. ის, რომ ჩვენ დღეს არ ვართ ისეთი გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში, როგორც სხვები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკური ანგაჟირებით უნდა დაგვჩაგრონ. ვერც დაგვჩაგრავენ. ჩვენ მივდივართ კანონის გზით. არაფერი უკანონო არ მოხდარა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ,,შემაშფოთებელს,, უწოდებს.
კინზინგერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დრამატულ მოქმედებებზე უარი თქვას.
„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველა ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები