„ქართული თეატრის ჯენტლმენი“ – გოგი გეგეჭკორის დაბადების დღე

98 წლის წინ, 1923 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი (გოგი) გეგეჭკორი. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თეატრალური საზოგადოება ფეისბუქგვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

სოლომონ- ისაკიჩ მეჯღანუაშვილის როლში, მხატვარი – გიორგი გეგეჭკორი

„მსახიობმა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე თეატრის სცენაზე ითამაშა 120-მდე როლი, მათ შორის მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), პლატონი („სამანიშვილის დედინაცვალი“), ტიგრან გულოიანი („თეთრი ბაირაღები“) და მრავალი სხვა.
მისი კინოდებიუტი 1954 წელს შედგა ფილმში „ჭრიჭინა”, სადაც მსახიობმა ლევანის როლი შეასრულა, მას შემდეგ მსახიობმა 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა: „წარსული ზაფხული”, „ჩარი-რამა”, „ვერის უბნის მელოდიები”, „ნატვრის ხე”, „დათა თუთაშხია”, „კაცია-ადამიანი” და სხვა.
გიორგი გეგეჭკორი იყო სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
იგი დაიბადა პოეტის და მუსიკოსის, ვლადიმერ გეგეჭკორის და პედაგოგ თამარ გელოვანის ოჯახში, ბაბუამისი კი მარტვილის მონასტრის უკანასკნელი დეკანოზი იყო.
რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას მეოხებით მოხვდა, პირველი როლი იყო გლუმოვი – ოსტროვსკის პიესაში „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”.
მსახიობს უზომო პოპულარობა მოუტანა დადგმამ „ბედი მგოსნისა”, სადაც მან ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი შეასრულა, მსახიობს გოგონებისგან მისდიოდა აუარებელი წერილი, თაყვანისმცემლები თეატრთან ელოდებოდნენ, თითქმის 300-ჯერ დაიდგა სცენაზე ეს სპექტაკლი, რომელიც მუდამ ანშლაგით გადიოდა. ერთხელ მისმა მეუღლემ, ცნობილმა თეატრმცოდნემ ნათელა ურუშაძემ მეუღლეზე ასე იხუმრა:„ბარათაშვილს და დონ-კიხოტს გავყევი ცოლად და ხელში შემრჩა მეგრელი მგელი („ჭინჭრაქა“), ალქაჯი და რეციდივისტი ტიგრანა გულოიანიო.
მიხეილ თუმანიშვილი: „თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ამბავი სიყვარულისა” და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ექვთიმე ქათამაძის როლს ასრულებს“.
ვასილ კიკნაძე: „ქართული თეატრის ჯენტლმენი, – ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით – ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს – საერთოდ, ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა – ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი“.
გოგი გეგეჭკორის მოგონებიდან:
„წიგნი ფიცისას” ვიღებდით, მე ანტონ კათალიკოსის როლს ვთამაშობდი, გადაღებები პეტერბურგში, ნევის სანაპიროზე მიმდინარეობდა, „მოტორ”, – დაიძახეს და გადაღებებიც დაიწყო, ამ დროს წინ გადაგვიდგა მანქანა და იქიდან გადმოვიდა ახალდაქორწინებული წყვილი: „დაგვლოცე მამაო” მითხრეს, მე გიგა ლორთქიფანიძეს გადავხედე, მან თავი დამიქნია, „ღმერთმა დაგლოცოთ, შვილებო”, –  ვუთხარი, ისინი ხელზე მეამბორნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
ახლა ვფიქრობ და ჩემს თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ, იმ ქვეყნად? ჩემს თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები!
რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, მე არ დამიზოგავს არც დრო და არც თავი. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია — არასდროს! ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს, მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემს პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა — ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ“ (გოგი გეგეჭკორის 2000 წლის ინტერვიუდან).
გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს, ამავე წელს შესრულებული როლი ფილმში „ექვსი და შვიდი” უკანასკნელი აღმოჩნდა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია თეატრალური საზოგადოების მიერ გავრცელებულ სტატუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები