ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან, ხუან კარლოს რუის ბოიშთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.