ირაკლი ზარქუა: რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს
“ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქნება პრემიერობის ახალი კანდიდატი, რომელიც მინისტრთა კაბინეტს წარადგენს.
„იმაზე, რომ სამართლიანობა და სამართალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ყველა ვთანხმდებით, ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის, უმრავლესობის სხდომაზეც. თუმცა, განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, ვადებთან მიმართებით. ჩვენ გვგონია, რომ როცა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ის უნდა აღსრულდეს, სხვაგვარად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ხვალ ზარქუას, თალაკვაძეს ვერ მოვთხოვთ, თუ ჩვენ პოლიტიკური ნიშნით თავი შევიკავეთ, არის სასამართლო და მისი გადაწყვეტილება ყველასთვის არის სავალდებულო, რომ აღასრულოს.
იქნება პრემიერობის ახალი კანდიდატი, რომელიც წარადგენს მინისტრთა კაბინეტს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამ ქვეყანაში მისი ჩატარების საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ზარქუამ.