ირაკლი ბერაია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულისთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური ვითარება წარმოადგენდა.
აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავაც ადგილი აქვს „ბორდერიზაციის” უკანონო პროცესებს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებს. შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს. „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. თანამშრომლობა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და მნიშვნელოვანია, ალიანსმა და მისმა მოკავშირეებმა დააჩქარონ გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ირაკლი ბერაიამ ნატო-ს წარმომადგენელს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტებიც გააცნო.