ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე. ასევე, ისაუბრეს კულტურული გაცვლების აუცილებლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და იაპონიის პოლიტიკის კოორდინირებაზე, მათ შორის, საგარეო პლატფორმებსა და ისეთი ახალი დღის წესრიგის საკითხებზე, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილება, ადამიანური უსაფრთხოება და გენდერის საკითხები. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე. „იაპონიის საელჩო შეგვპირდა, რომ გვიშუამდგომლებს, რათა ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგეს, რის შემდგომაც ვიზიტები დაიგეგმება”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის. იაპონიის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.