რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით შემუშავებული, კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. საკითხის წარდგენისას, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მიმდინარე წლის გეგმაში არის როგორც ის კანონპროექტები, რომელთა შემუშავებასაც გეგმავს კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მიმართულებით, აგრეთვე დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება კომიტეტის წევრებს ადგილებზე გაეცნონ თვითმმართველობების, მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს და მათთან ერთად დასახონ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. კომიტეტი ასევე გეგმავს თემატური მოკვლევების ჩატარებას რამდენიმე მიმართულებით. ერთ-ერთი არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის საკითხიც და, ზოგადად, თემატური კვლევის თემებზე კომიტეტის წევრები ერთობლივად შეჯერდებიან. „მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტმა წინა წლებში მოახდინა ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის რატიფიკაცია, რომელიც არეგულირებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობის უფლების მიღებას და ეს არის ის საკითხი, რომელზეც მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ვინაიდან საქმე ისაა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის გააქტიურებაც ჩვენს ხელშია და რომელიც ძალიან სერიოზულად გაზრდის ერთი მხრივ, თვითმმართველობის ორგანოების ქმედუნარიანობას, მეორე მხრივ, უფრო მეტად დააკავშირებს თვითმმართველობას ადგილობრივ მოსახლეობასთან. სწორედ თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, ყველაზე მეტად ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის ინტერესებს და მისი ეს ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება, თუკი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის განხორციელებაში. ამის ბევრი მექანიზმი არსებობს და სწორედ ამ მექანიზმების კვლევა და ამ მექანიზმების გააქტიურება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ბუნებრივია, ამ მხრივაც წამყვანი როლი თვითმმართველობებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენიჭება და ჩვენ სწორედ მათთან ერთად უნდა განვახორციელოთ ვითარების შესწავლაც და შესაბამისი საპარლამენტო კონტროლიც ამ მიმართულებით”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები