„ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ამას თავის ფასი ექნება, რომელიც შეიძლება, საკმაოდ ძვირად დაგვიჯდეს“ – ვახტანგ ჭარაია ეკონომიკის გახსნაზე

“ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ამას თავისი ფასი ექნება, რომელიც შეიძლება, საკმაოდ ძვირად დაგვიჯდეს”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია ეკონომიკის გახსნის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს.

ჭარაიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნა რამდენიმე კვირის შემდგომ პანდემიის ახალ ტალღას იწვევს.

„ვსაუბრობთ იმ შეზღუდვების შერბილებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეიდან ჩვენი საზოგადოებისა და ბიზნესისთვის კიდევ ერთი ახალი ტალღის სახით იქნება მიწოდებული. მინდა, ერთი მხრივ, სახელმწიფოს თამამი ნაბიჯები დავუფასო და მოვუწოდო, რომ აღებული ტემპი არ შეანელოს. მეორე მხრივ, საზოგადოებასა და ბიზნესსაც მინდა, მოვუწოდო, რომ ზედმეტად ნუ ავჩქარდებით, ზედმეტი მოლოდინები ნუ გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლავე გაიხსნას ყველაფერი. ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ამას თავისი ფასი ექნება, რომელიც შეიძლება, საკმაოდ ძვირად დაგვიჯდეს. აქ იგულისხმება რა: სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე ჩანს, რომ ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნა გარკვეული ვადის შემდგომ, პანდემიის ახალ ტალღას იწვევს. შესაძლოა, ეს ტალღა საქართველოში არ იყოს ისეთი მაღალი მაჩვენებლით, როგორიც ნოემბერ -დეკემბერში გვქონდა, თუმცა, არც არაფერია გამორიცხული. შეიძლება, მეტიც იყოს, შეიძლება ნაკლებიც, ამის შესახებ გარანტირებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია. ჩვენ წინ ზაფხულის სეზონი გვაქვს, რომელიც ტურისტულად შესაძლოა, საკმაოდ დატვირთული იყოს. ჩვენ რომ შევძლოთ ქვეყნისა და კალენდრის ისეთ თანხვედრაში შეთანხმება, რომ ეკონომიკამ არ დაკარგოს 2020 წლის პოტენციალი, არამედ სრულად, მაქსიმალური შესაძლებლობით აითვისოს ის, ამისთვის საჭიროა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იყოს განხორციელებული. ბევრს მიაჩნია, რომ ეკონომიკის გახნა უალტერნატივოა და სხვა გზა ფიზიკურად არ შეიძლება, არსებობდეს, რომ ყველაფერი უნდა გაისხნას, არც 21:00 საათის შემდეგ გადადგილებაზე შეზღუდვა უნდა იყოს, არც ტრანსპორტზე შეზღუდვა და არც რესტორნებზე. თუმცა, ევროპული ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება იმასაც, რომ ასე მარტივად არაა საქმე. სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა ერთმანეთთან საზღვრები ან გაამკაცრეს ან საერთოდ ჩაკეტეს, რადგან კორონავირუსი კვლავ აქტიურია. შესაბამისად, ამ ყველაფერს სწორი გაანალიზება სჭირდება.
შეზღუდვები არ ეხება მარტო მას, ვისაც ბიზნესი აქვს, ან რაღაც შეზღუდვება აწუხებს, ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. ამ ყველაფერს სწორი ანალიზი სჭირდება. თუ გვეცოდინება , რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უსწრაფესადვე უნდა იმოქმედოს და ყველას შესაძლებლობა მისცეს, სრულფასოვანი ცხოვრებითა და ბიზნესაქტიურობით დაკავდეს. როცა ვხედავთ, ევროკავშირში იქნება ეს თუ სხვა ქვეყნებში, რომ სტაბილური მდგომარეობა არ არის და ვითხოვთ, განვითარებულ ქვეყნებზე უკეთესი მდგომარეობა გვქოდენს, ეს რთული მისაღწევია“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ცუდ შედეგებს არ აჩვენებს.

„ეკონომიკის გახსნა, რაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, საკმაოდ პოზიტიურია. უბრალოდ, ხელისუფლებამ ზედმეტად არ უნდა დააყოვნოს ეს ნაბიჯები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია ააწყოს, უნდა ახნსას ის, თუ რატომაა გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნებული. რატომ იხსნება შეზღუდვების ნაწილი, რატომ არ იხსნება სხვა და ა.შ.
ასევე შეიძლება, ითქვას ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ შედეგებს არ უჩვენებს. შეიძლება, ჩვენ ყველას უფრო მეტი გვინდოდეს, მაგრამ ცუდ შედეგებს ნამდვილად არ უჩვენებს. იმ მცირედი შეზღუდვებით, რაც დარჩენილია, ნამდვილად შეუძლებელია, რადიკალურად გადავატრიალოთ ეკონომიკა. ანუ თუ ვინმეს მოლოდინი აქვს იმისა, რომ პირობითად რესტორნებს შაბათ-კვირას გავსხნით და ამით ქართული ეკონომიკა აყვავდება, ან თუნდაც 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება, ასეთ წარმოდგენებს ნუ შევიქმნით. პანდემია ჯერ არსად წასულა. ვაქცინაცია ახლა იწყება მხოლოდ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ცნობისთვის, დღეიდან კოვიდრეგულაციები ნაწილობრივ შემსუბუქდა. კვების ობიექტებმა და რესტორნებმა ღია სივრცეში ფუნქციონირება განაახლეს. შეზღუდვები შაბათ-კვირას კვლავ შენარჩუნებული იქნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები