მამუკა არეშიძე: აფხაზებმა რუსეთის სათათბიროში შეიტანეს მოთხოვნა აფხაზეთისთვის რკინიგზის გახსნის თაობაზე – ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რას მოგვცემს ამ რკინიგზის გახსნა ან არგახსნა
“აფხაზებმა რუსეთის სათათბიროში შეიტანეს მოთხოვნა აფხაზეთისთვის რკინიგზის გახსნის თაობაზე – ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რას მოგვცემს ამ რკინიგზის გახსნა ან არგახსნა”, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ყარაბაღის პროცესების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ახალი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს სხვა გეოპოლიტიკური სურვილები გაუჩნდათ, შესაბამისად, მიდგომები ჩვენც უნდა შევცვალოთ.
“ე.წ. სამხრეთ ოსეთის “უშიშროების სამსახური” ისე იქცევა, რომ უკვე რუსებიც კი სასაცილოდ იგდებენ. ძალიან არაადეკვატურები არიან, ამიტომ მათი განცხადებების მიღმა არსებითი საკითხების ძებნას აზრი არ აქვს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა აკვირდება, რა ხდება რუსეთში და ამის მიხედვით იქცევიან – ამწვავებენ ვითარებას. არ გამოვრიცხავ, ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი ეს უსამართლო განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტის გამოძახილიც იყოს. საინტერესოა ლავროვის განცხადება დასავლეთთან, კერძოდ, ევროკავშირთან დაკავშირებით – თუ სანქციების დაწესება გააგრძელეს, რუსეთი გადახედავს თავის ურთიერთობას ევროკავშირთანო, ანუ, ფაქტობრივად, ურთიერთობის გაწყვეტით დაიმუქრა… დღეს დასავლეთს ძალიან ეშინია ჩინეთისა და რუსეთის ალიანსის, აქედან გამომდინარე, გახელაძე კი არა, მთელი საქართველო ციხეში რომ აღმოჩნდეს, მხოლოდ შეშფოთებას დასჯერდებიან. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველომ აქტიური რეგიონული პოლიტიკა უნდა აწარმოოს და თვითონ იყოს თავისი თავის პატრონი. დასავლეთის პარტნიორობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დასავლეთს მივაჩერდეთ.
გატაცებების წინააღმდეგ სამოქმედოდ სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, ყველაფერს ერთ ინტერვიუში ვერ მოვყვები. პირადი კონტაქტები, ფული, სხვადასხვა ფორმით ზეწოლა… ეს არის ერთგვარი მინიშნება, მეტს ვერაფერს გეტყვით… ასეთ ქაოსურ რეგიონში თეთრი ხელთათმანებით საქმე არც აქამდე გაკეთებულა და არც ახლა გაკეთდება.
თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის ხიდი გაიხსნა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით – გალელებისთვის, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით წამოიწია რამდენიმე საკითხმა, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მოგეხსენებათ, როგორც იქნა, დაიწყო ენგურჰესის რემონტი. აღსანიშნავია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მართლაც საქმეს აკეთებენ, აფხაზ კოლეგებთან ერთად დიდი სამუშაო გასწიეს. აფხაზურ საზოგადოებაში სწორედ მათი ძალისხმევით შეიცვალა ნელ-ნელა მიდგომები ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით. სამი წელი ამაზე კულუარულად მუშაობდნენ. მართალია, კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ ეს ენერგეტიკული თემა უმნიშვნელოვანესია, რომლის გარშემოც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მეორე საკითხია ის, რომ ბოლოს და ბოლოს, რაღაც პასუხი უნდა გაეცეს აფხაზური მხარის ლიდერების – შამბასა და ბჟანიას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების რაღაც ფორმატი უნდა შეიქმნას.
ვფიქრობ, ეს შანსი გამოსაყენებელია. მესმის, რომ ამის უკან რუსები დგანან, მაგრამ ჩვენი მხრიდან პასუხის გაუცემლობა სწორი არ იქნება.
გარდა ამისა, ახლახან აფხაზებმა რუსეთის სათათბიროში შეიტანეს მოთხოვნა აფხაზეთისთვის რკინიგზის გახსნის თაობაზე. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ დისკუსია თემაზე, რას მოგვცემს ამ რკინიგზის გახსნა ან არგახსნა.
რატომ ვამბობ ახლა ამას – მოგეხსენებათ, ყარაბაღის პროცესების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა ახალი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას, ჩვენს მეზობლებს სხვა გეოპოლიტიკური სურვილები გაუჩნდათ, შესაბამისად, მიდგომები ჩვენც უნდა შევცვალოთ. გვჭირდება თუ არა ეს რკინიგზა? იქნებ არც გვჭირდება, მაგრამ ამ თემის ირგვლივ გაუთავებელი მოლაპარაკებები შეიძლება სხვა საკითხების მოსაგვარებლად გამოვიყენოთ; ან იქნებ ეს საკითხი ჩვენთვის სასარგებლო სპეკულაციებისთვის დაგვჭირდეს… ეს ყველაფერი გასაანალიზებელია.
ისეთი მნიშვნელოვანი თემებია გააქტიურებული ჩვენ გარშემო, რომ სრულიად უმნიშვნელო მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფი პარლამენტში იქნება თუ არა.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად ამის, რომ ის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. რუსეთსა და თურქეთს შორის კავკასიისთვის საუკუნოვანი ბრძოლის განახლების მომსწრენი ვართ. დღეს რეგიონში თავისი ინტერესები აქვთ დასავლეთს, ჩინეთს და ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანასაც. ასევე მწვავედ დგება საქართველოში პოლიტიკური ისლამის გააქტიურების თემა, რომელიც იდეოლოგიურ ტერორიზმზეა გადასული და თუ ჩვენ ბარიერებს არ დავაწესებთ, მძიმე შედეგებს მივიღებთ…
დღეს ეს საკითხებია უმნიშვნელოვანესი, რაც შესვლა-არშესვლის თემით გატაცებულ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს გვერდზე რჩება”,- განაცხადა არეშიძემ.