ბექა ნაცვლიშვილი: როგორ დაიცავს ხაზარაძე ერთდროულად მუშის, გლეხის, ბიზნესმენისა და ბანკირის ინტერესებს?
მე-9 მოწვევის პარლამენტარმა, ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარტია დატოვა. ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ პორობლემებსა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ,,კვირა“ ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა:
-პარტიიდან რატომ წამოხვედით?
-სრულიად გულწრფელად განვაცხადე, რომ ჩემს თავს პოლიტიკურ პარტიებში ვეღარ ვხედავ. ბევრად უფრო დიდი და მკაფიო მიზნებისთვიუს ვიბრძვი და ამ ბრძოლაში რომელიმე პარტიული კუთვნილება შეიძლება, დამაბრკოლებელიც კი აღმოჩენილიყო ჩემთვის.
-რა იდეებისა და მიზნებისთვის აპირებთ ბრძოლას?
-სოციალური სამართლიანობისთვის, მინიმალური ხელფასების დაკანონებისთვის, ღირსეული შრომითი პირობებისთვის, თანასწორობისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის… დამეთანხმებით, პარტიულ ჩარჩოებში ამ იდეალებისთვის ბრძოლა რთულია.
-მარტო კაცი აპირებთ, შეეჭიდოთ ამხელა ამოცანებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატს ირჩევთ?
-არ აქვს მნიშვნელობა, პარტიაში იქნები თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში. საჯაროდ რომ იბრძვი, შენს იდეებს ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან. ამ შემთხვევაში უფრო გულწრფელი ხარ. საქართველოში საჯარო ბრძოლის გამოცდილება არ არსებობს. ახალი პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებაზე არც მიფიქრია. რასაც ადრეც ვაკეთებდი, ვიბრძოდი სოციალური სამართლიანობისთვის, იმავეს გავაკეთებ მომავალშიც.
-31 ოქტობრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ერთგვარი პოლიტიკური სტაგნაცია შეიქმნა. ოპოზიციას არ სურს პარლამენტში შესვლა.
-არჩევნების გაყალბების თემა მნიშნელოვანია, თუმცა, რამდენად გაუძლებს ოპოზიცია სახელმწიფო წნეხს, ეგ კიდევ ცალკე საკითხია. ყველა პარტია განურჩევლად, პარლამენტს შიგნით თუ პარლამენტს გარეთ, ელექტორატს უმტკიცებს, რომ ის თითოეული ამომრჩევლის პარტიაა და თითოეულის ინტერესის დაცვას აპირებს.
-ასე არ არის?
-წარმოუდგენელია, ერთდროულად დაიცვა მუშის, გლეხის, ბიზნესმენის, ბანკირისა და პენსიონერის ინტერესები. აი, მაგალითად, ,,ლელოს“ დამფუძნებელი, ხაზარაძე აცხადებს – შევქმნათ ,,ეროვნული ერთობის მთავრობა,“ ხოლო ,,ლელო“ მუშების, ფერმერებისა და ბიზნესმენების ინტერესების დამცველი პარტია იქნებაო. არადა, თითოულ ამ ჯგუფს განსხვავებული ინტერესი აქვს. ის, რაც სურს ბიზნესმენს, დაბალი ხელფასები დაქირავებული თანამშრომლებისთვის, არ სურთ მუშებსა და ფერმერებს. ურთიერთგამომრიცხავი ჯგუფების ინტერესები როგორ უნდა დაიცვას ხაზარაძემ გინდ პარლამენტში და გინდ მის გარეთ? ამიტომაცაა დღეს ქართული პოლიტიკა უშინაარსო და დისკუსია სოციალურ სამართლიანობაზე, სახელმწიფო მოწყობაზე, ეკონომიკის დაგეგმვასა და ენერგოუსაფრთხოებაზე არ მიდის. ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და მედიას ძირითადად აინტერესებს, ვის აქვს ხალი კეფაზე, ვის – გრძელი თმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ვინ დაბალია და ვინ მაღალი.
-ამიტომაც, პარტიული ბრძოლის გაგრძელების აზრი ვეღარ დაინახეთ?
-2020 წლის არჩევნები იყო ფულის არჩევნები. ვისაც ფული ჰქონდა და ხარჯავდა, სწორედ იმ პარტიებს აძლევდა ხელს არჩევნებში გამარჯვება. დღეს მმართველი პარტია ალეკო ელისაშვილთან ერთად მსჯელობს არჩევნების უკეთ ჩატარების მექანიზმზე, რომელიც გაყალბებას სრულიად გამორიცხავს. როგორ სჯობს, ამომრჩეველმა მისცეს ხმა – თითის ანაბეჭდით თუ სკანერით, სად იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერა და ასე შემდეგ. მე მინაჩნია, რომ არც ამ ტექნიკურ ნიუანსებს ექნება მნიშვნელობა იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პარტიები კარგად არ გაიაზრებენ, რისთვის იბრძიან და ვის ინტერესებს დაიცავენ მომავალ პარლამენტში. 30 წელია, საქართველოში ყველა პარტია არჩევნებამდე გაუაზრებლად მიდის. გამარჯვეული პარტიები ისე შედიან პარლამენტში, წარმოდგენა არ აქვთ, რომელი ჯგუფის ინტერესებს დაიცავენ საკანონმდებლო ორგანოში და ცხოვრობენ ასე ,,ბედნიერად“ 4 წლის განმავლობაში, ქართული სახელმწიფო კი ვერ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს.
ია დანელია