ალექსანდრე თვალჭრელიძე: ოპოზიციის ნდობა და რეიტინგი მილევად რეჟიმშია

ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლაზე ისევ უარს აცხადებს. მიზეზად გაყალბება სახელდება და ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 4 თვე გავიდა, გაამართლებს თუ არა ოპოზიციის სტრატეგია და რამდენად ადეკვატურია შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლების ქცევა. „კვირა“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტსა და პოლიტიკურ მიმომხილველს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

-მიმდინარე კვირას დასავლეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში განმეორებით არჩევნებს არ ელოდება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციაში რა მიზანი და მოტივაცია აქვს ოპოზიციას?

წარმოდგენა არ მაქვს. აბსოლუტურად გაუგებარი, მარგინალური და ექსტრემისტული პოზიციაა და, როგორც NDA -ის კვლევამაც აჩვენა, ოპოზიციის რეიტინგი და ნდობა მილევად რეჟიმშია გადასული. რევოლუცია არ გამოსდით და რას აპირებენ, ეს მიხეილ სააკაშვილს უნდა ვკითხოთ.

-,,ნაციონალური მოძრაობისა,, და მისი განაყარი პარტიების პოზიცია ასე თუ ისე გასაგებია. „ლელო“ და სხვა ოპოზიციონერები რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ?

ან მე ან არავის – ასეთია „ნაციონალების“ სტრატეგია და რატომ მიყვებიან სხვები მათ ამ სტრატეგიაში, ჩემთვის აუხსნელია. მე მეჩვენება, რომ უზარმაზარ პოლიტიკურ შეცდომას უშვებენ. როგორც ჩანს, მათაც თავიანთი თავი უყვართ საქართველოში და არა – საქართველო, როგორც ასეთი.
პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება, რომელიც დაადგენს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. თუ

-დადგინდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს დასკვნა ვის რა არგუმენტს შესძენს, ვგულისხმობ ხელისუფლებასა და ოპოზიციას?

არჩევნები არ გაყალბებულა და ამას ყველა აღიარებს, ოპოზიციის გარდა. შესაბამისად, ამ კომისიის მუშაობის შედეგად არანაირ სიახლეს არ ველოდები. დასკვნა ალბათ სადღაც ერთ წელიწადში დაიდება და ოპოზიციის მატარებელი ამ დროისათვის უკვე წასული იქნება. ვხედავ, რომ ძალიან ბევრს უნდა პარლამენტში შესვლა, თუმცა, იხტიბარს არ იტეხენ და ეს ცუდად შემოუბრუნდებათ.

-საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, იქნება თუ არა ლეგიტიმური, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი მასში მონაწილეობას არ მიიღებს?

საარჩევნო რეფორმა კარგი და აუცილებელია, თუმცა, ის მიზანი, რაც ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს, ანუ საარჩევნო ბარიერის განულება, ვერ მოხერხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამას საკონსტიტუციო რეფორმა სჭირდება, ანუ 113 დეპუტატი პარლამენტში. ოპოზიცია ამ რაოდენობით პარლამენტში არ შედის. შესაბამისად, 2024 წლის არჩევნები 5 %-იანი ბარიერით ჩატარდება. მე მგონი, ეს უნდა “ნაციონალურ მოძრაობასაც”, ანუ კონკურენტების მოცილება.

-ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იქნება. რა შედეგს ელოდებით?

დაახლოებით, ისეთივეს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა. ვფიქრომ, ,,ქართული ოცნება,, ამ მოცემულობით უფრო მეტ მხარდაჭერასაც მიიღებს, მაგრამ ოქტომბრამდე შორია და შეიძლება, გარკვეული ცვლილებები მოხდეს, რაც შესაძლოა, არჩევნების შედეგზეც აისახოს. იმის თქმა მინდა რომ ძალიან მალე იცვლება პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ანუ არაპროგნოზირებადია.

-,,ნაცონალური მოძრაობის,, ლიდერი ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე. რა არის მისი მიზანი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ?

ხელისუფლება უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. კანონი კი, როგორც ვიცი, ასეთ შემთხვევაში მის დაპატიმრებას ითვალისწინებს. მელიას იმედი აქვს, რომ მისი დაპატიმრება დიდ პროტესტს გამოიწვევს. მოკლედ, ექსტრემალიზაციისაკენ მიჰყავთ საქმე. უნდათ ექსტრემალური სიტუაციის შექმნა, სულ არ ანაღვლებთ თქვენი და ჩემი ინტერესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები