ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ახალ პროექტს განახორციელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას პროექტის – „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა” – განხორციელების შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ინიციატივის ფარგლებში, USAID-თან თანამშრომლობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყობს წარმატებით დაგეგმოს და განახორციელოს მცენარეთა დაცვის სტრატეგია, რაც ფერმერებს საერთაშორისო სერტიფიკატების მიღებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება.
USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სექტორში: „ეს პარტნიორობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირებაში. საქართველოს სოფლისმეურნეობა უფრო მეტ მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ზრდის სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლებს. ეს კი, აძლიერებს ეკონომიკას და ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე”.
ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი მნიშვნელოვანია.
„საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქვთ თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს. ამავდროულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანიც მავნებლებთანბრძოლის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს რისკების ეფექტიანად მართვას, წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას”,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა” გააძლიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ შესაძლებლობებს მცენარეთა მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.