ეს რუკები იმიტომაც ჰქონდათ გადამალული სააკაშვილს, კომისიას და მისი მთავრობის წევრებს, რომ ამ რუკებზე ნათლად ჩანს ის ზღვარი, რომელიც ნამდვილად არ გადის ქედზე, რომელიც ასე უაპელაციოდ მიაკუთვნა სააკაშვილმა მეზობელ და მეგობარ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის მაისში გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დავით გარეჯზე სააკაშვილის განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ეს გამოძიების თემა უნდა იყოს.
„სააკაშვილის განცხადება ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ეს უკვე გამოძიების თემა უნდა იყოს, თუმცა ფაქტია, რომ მას არ ჰქონდა არანაირი უფლება, ეს განცხადება გაეკეთებინა, ვიდრე იქნებოდა შესაბამისი კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. კომისია როდესაც გაავლებდა საზღვარს, მოხდებოდა ჯერ დელიმიტაცია, შემდეგ დემარკაცია, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლო, გვეთქვა, სად გადის საზღვარი.
2005-2006 წლებამდე დავით გარეჯის ორი მონასტერი, უდაბნო და ჩიჩხიტური იყო საქართველოს შემადგენლობაში. ქართველი მესაზღვრეები იდგნენ ამ უდაბნოს ქედის ძირში სამხრეთით, შესაბამისად, ორივე მონასტერი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. 2006 წელს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ოფიციალური მოლაპარაკების გარეშე, ქართველი მესაზღვრეები ამოდიან ქედზე და შესაბამისად, ქედის წვერიც და უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლქვეშ. ისინი ამოდიან ზემოთ და ამას არ ჰქონდა არანაირი დასაბუთება. 2007 წელს, საზოგადოებისა და პირველ რიგში ეკლესიის პროტესტის ფონზე, სააკაშვილი იძულებული ხდება, გარკვეული განცხადებები გააკეთოს. ამბობს, რომ ქედი, რომელიც აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულად საინტერესო ყოფილა, რჩება, გადადის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ, სამაგიეროდ, მონასტრები რჩება საქართველოს კონტროლის ქვეშ, რაც არის აბსოლუტურად შეუძლებელი, რადგან ქედზე თუ დგანან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, შესაბამისად, ქედს იქით მყოფი უდაბნო და ჩიჩხიტური ბუნებრივია, რჩება მათი კონტროლის ქვეშ.
შესაბამისად, ეს ორი მონასტერი იყო მიტოვებული ქართველი მესაზღვრეების და ქართული სახელმწიფოს მიერ. რადგან დაზუსტებას არ ახდენს სახელების, ამიტომ მას ყოველთვის შეუძლია, თქვას, რომ აგერ ლავრაა, დოდოს რქაა, ფერისცვალება. ბევრი მონასტერია, ეს ხომ არის საქართველოს ტერიტორიაზე – ეს ისედაც იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო უდაბნო და ჩიჩხიტურიც. ერთადერთი მონასტერი, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც და დამოუკიდებლობის შემდეგაც ხვდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და დღესაც არის მათ ტერიტორიაზე, ეს არის ბერთუბანი და ამაზე ჩვენ შეიძლება ისტორიულად ვიდაოთ, მაგრამ არანაირი დავა არ გვქონია სახელმწიფოებრივად, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო.
დღეს ამ საკითხის გადაწყვეტის გზა არის რუკები, რომელზეც მკაფიოდ ჩანს, სად გადის საზღვარი და მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან სწორედ ამ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სავარაუდოდ, ეს რუკები იმიტომაც ჰქონდათ გადამალული სააკაშვილს, კომისიას და მისი მთავრობის წევრებს, რომ ამ რუკებზე ნათლად ჩანს ის ზღვარი, რომელიც ნამდვილად არ გადის ქედზე, რომელიც ასე უაპელაციოდ მიაკუთვნა სააკაშვილმა მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.