წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა წალენჯიხაში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ნინოობასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერისცვალების ფრესკის ფოტოს აქვეყნებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში, სადაც კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, 2019 წელს წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა იქნა აღმოჩენილი. სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგის, პროფესორ მერაბ ბუჩუკურის თქმით, ეს აღმოჩენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ფრესკა XIV საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის კირ მანუელ ევგენიკოს მიერ
1384-96 წლებში მოიხატა.
„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში XII-XIII საუკუნეებამდე არ გვხვდება, ასევე, პროფესორის თქმით, წმინდა დედები არსად არ არიან გამოსახული წიგნით ხელში, ხოლო წმინდა ნინო წიგნითაა რაც იმას ნიშნავს რომ ფრესკაზე ნამდვილად ქართველთა განმანათლებელია გამოსახული, ამას ნათლად ადასტურებს ასომთავრულით შემორჩენილი წარწერაც –  „წმინდა ნინო“.
მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2019 წელს დასრულდა.ექვთიმე თაყაიშვილის კვლევის მიხედვით, წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ხოლო ეკლესიისთვის გარშემორტყმული შტოები შემოუვლია ვამეყ I დადიანს (1384-96). მარი ბროსეს მიხედვით კი მთელი ეკლესია ვამეყ I-ის მიერ არის აგებული და სწორედ მისი ბრძანებით კონსტანტინეპოლიდან მოსულ მანუელ ევგენიკოსს მოუხატავს.
მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი გამორჩეულია თავისი მოხატულობით. დასავლეთ კედელზე გამოსახულია „ჯვარცმა“, აღმოსავლეთ კედელზე – „ჯოჯოხეთის წარმოსტყვევნა“, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე – „მენელსაცხებლე დედანი მაცხოვრის საფლავზე“.
ტაძრის პილიასტრზე გამოსახულია მედალიონები წმინდანების გამოსახულებით. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახულია „თომას ურწმუნობა“. აღმოსავლეთ კედელზე მოხატულობა ძალზედ დაზიანებულია, ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში სილუეტურად ჩანს „ლაზარეს აღდგინება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები