გივი მიქანაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აფასებენ საკუთარი ამომრჩევლების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და კუთვნილ მანდატებზე უარის თქმით, ცდილობენ მოახდინონ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი

„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და რომ პარტიებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ სტრასბურგში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

გივი მიქანაძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. სესიაზე მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი.

პარლამენტის წევრის თქმით, პირველად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ახალარჩეული პარლამენტი 14 პოლიტიკური პარტიისგან შედგება და პოლიტიკური აქტორების ასეთი მრავალფეროვნება საქართველოს მოქალაქეების ნების შედეგია. „ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ აფასებენ საკუთარი ამომრჩევლების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას და კუთვნილ მანდატებზე უარის თქმით, ცდილობენ მოახდინონ საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და რომ პარტიებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი აკვირდებოდა”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

დეპუტატმა ისაუბრა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის შესახებ, რომელმაც, თავდაპირველად, ცესკოს ოფიციალური შედეგებიდან 2,4 %-იანი გადახდა დაადგინა, რაც ცენტრალური სარჩევნო კომისიის შედეგების გასაპროტესტებლად ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იქცა.

„ქართული ოცნების” ლიდერებმა საჯაროდ მიმართეს აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას და მოუწოდეს, გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმ 850 უბნის შესახებ, სადაც პარალელური დათვლა ჩატარდა. ამ მოთხოვნას, თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაციამ უარით უპასუხა. საბოლოოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შიდა აუდიტის მიერ, ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილ იქნა ხარვეზი. ხარვეზის გასწორების შემდგომ, პარალელური დათვლის შედეგები დაემთხვა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.

იმავე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათმა PVT-მ შეუსაბამობა იპოვა საარჩევნო უბნების 8 %-ში. „ქართულმა ოცნებამ”, ისევ, რამდენჯერმე მოითხოვა, გასაჯაროვებულიყო უბნების ჩამონათვალი, სადაც სავარაუდოდ, მოხდა შეუსაბამობა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდებოდა ბიულეტენების ჭარბ რაოდენობას ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, აღწერილი იყო მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმი 3,657-დან, განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებისგან. დღემდე, „ქართულ ოცნებას” სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან არანაირი მონაცემი არ მიუღია”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის ბოიკოტირებასთან ერთად, რადიკალურმა ოპოზიციამ ღიად დაიწყო საერთაშორისო დამკვირვებლების, უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიალოგის ფასილიტატორების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რამაც გამოწვია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვირვებლებზე, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმების სერია.

„ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა ინიციატივა, შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოიძიებდა და მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიეღოთ კომისიის მუშაობაში. გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციამ ამ შეთავაზებასაც უარით უპასუხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მარგინალიზაციას და სურვილს, გააგრძელონ პროტესტი ქუჩაში, ნაცვლად საპარლამენტო საქმიანობისა. ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ და განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას. „ქართული ოცნება” მოწოდებულია, იმუშაოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რათა მოახდინოს ფოკუსირება იმ ხარვეზებზე, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლინდა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები