თამარ ტალიაშვილი:სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოზეა საუბარი. თამარ ტალიაშვილის თქმით, ანგარიში მოიცავს საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს 2020 წელს და ასევე შეეხება 2019 წელს განვითარებულ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს. „როგორც ანგარიშში არის ნათქვამი, ვადა მოიცავს პერიოდს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მზად არიან გამოწვევებთან გასამკლავებლად, მმართველი უმრავლესობა მზად არის წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციასთან.

შედეგად, „ქართულმა ოცნებამ” მოახდინა უფრო ბალანსირებული პოლიტიკური სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და განხორციელება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო იმას, რომ ქართული პარლამენტი ყოფილიყო უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური.

რაც შეეხება თავად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ანგარიში ხაზს უსვამს კონკურენტულ საარჩევნო პროცესს საქართველოში, სადაც დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს საარჩევნო კამპანიის განხორციელება თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, დადებით შეფასებასთან ერთად, მონიტორინგის ანგარიშში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია ქვეყნის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად.

„მმართველმა პარტიამ უკვე საჯაროდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილება, მიიღოს საარჩევნო რეფორმის პაკეტი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ სინანულს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგებმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ძლიერი შესაძლებლობა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ევროპის კავშირისა და აშშ-ს ელჩებს მათი პოზიტიური წვლილისათვის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში.

და ბოლოს, მსურს, ხაზი გავუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი განცხადება საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის შესახებ. ანგარიშში ასახულ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების დაგმობა განამტკიცა ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება. მინდა გაგიზიაროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ომის მსხვერპლთა და მთლიანად ქვეყნისთვის”,- განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები