ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრისა და ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც განხილული იყო საარჩევნო ანგარიში და აღინიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

„დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის – განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც, დელეგაციასთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

„ანგარიშში კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას და, ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები