თენგიზ ცერცვაძე: ინგლისურმა კვლევამ აჩვენა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი საშიშია, რადგან ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა პაციენტის გარდაცვალებით მთავრდება

“ინგლისურმა კვლევამ აჩვენა, რომ თურმე პოსტკოვიდური სინდრომი საშიშია, რადგან დაახლოებით ყოველი მესამე ან ცოტა ნაკლები ჰოსპიტალში ბრუნდება, ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა კი მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ცნობილია, თებერვლიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა იწყება. ცერცვაძის თქმით, პოსტკოვიდურ სინდრომს სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს, მათ შორის, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, შფოთვა, უძილობა, დეპრესია…

,,პირობითად შეიძლება, პოსტკოვიდური სინდრომის ორგვარი ფორმა გამოვყოთ. ერთი არის ის, რასაც ე.წ. გახანგრძლივებულ კოვიდს ეძახიან, როდესაც პაციენტი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ მას უგრძელდება სიმპტომები. ყველაზე ხშირად ეს არის სისუსტე, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მცირე მატება, სუნთქვის მსუბუქი გაძნელება, გულთან დაკავშირებული ჩივილი, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი, დეპრესია და სხვა. მეორე ფორმა გახლავთ, როდესაც “კოვიდისგან” განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ვთქვათ, ერთი თვე პაციენტს არაფერი აწუხებდა და ერთი-ორი თვის შემდეგ დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტი ჩვენთან ბევრია. ზუსტ მონაცემებს კვლევა გვიჩვენებს.

აქამდე ეგონათ, რომ ის საშიში არ იყო. აინტერესებდათ, ხომ არ უდევს მას საფუძვლად რომელიმე ორგანოს დაზიანება. ინგლისურმა კვლევამ უჩვენა, რომ თურმე პოსტკოვიდური სინდრომი საშიშია, რადგან დაახლოებით ყოველი მესამე ან ცოტა ნაკლები ჰოსპიტალში ბრუნდება, ყოველი მერვე თუ მეცხრე შემთხვევა კი მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. ჩემთვის ეს შედეგები მოულოდნელი იყო, რადგან საქართველოში ჯერ არ მინახავს არც ერთი შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში მათგან, ვინც მე პოსტკოვიდური სინდრომით მომმართა, რომ პაციენტი გარდაცვლილიყო.

არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, რომლის შესახებ ხშირად მეკითხებიან და მინდა თქვენც გითხრათ… არსებობს ორი განსხვავებული აზრი იმის თაობაზე, რა არის პოსტკოვიდური სინდრომი. ზოგი თვლის, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა იმ ქრონიკული დაავადების გამოვლენა, რომელიც პაციენტს დაინფიცირებამდე ჰქონდა, მაგრამ ლატენტურად მიმდინარეობდა. არის მეორე ვერსიაც, რომ ეს არ არის, ან ყოველთვის არ არის თანმხლები დაავადებების გამწვავება, ეს “კოვიდ 19″-ის ორგანიზმზე სპეციფიკური მოქმედებისა და იმ დაზიანების შედეგია, რაც ამ ვირუსმა გამოიწვია ფილტვში, გულში, თირკმელში, ტვინში ან სხვაგან და ამისთვის სულაც არ არის სავალდებულო, იქ ქრონიკული დაზიანების ფონი ყოფილიყო. ჩვენი კვლევა ამასაც გასცემს პასუხს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები