მამუკა მდინარაძე – „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ”

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს – ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს”, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები”-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი შეფასებით, შეიძლება ზედმეტი სიჯიუტით, შეიძლება ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად, ოპოზიცია აყენებს.
„მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რაზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს” სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ რაც კი რაციონალურია სახელმწიფოებრივად და იურიდიულად შეიძლება იყოს გამართული, ყველაფერზე მოგყვებით. მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის, საარჩვენო რეფორმასთან დაკავშირებით გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს შეხვედრა დამატებით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდება.
„შევთანხმდებით და მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ” გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები შესრულდა, ვფიქრობ ამ შედგამდე მივალთ”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
რამდენჯერმე სცადეს პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი, მაგრამ მმართველი გუნდი ამ თემაზე არ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მის გათავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი. „პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები