კახეთის 10 დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები დაიწყო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ: ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, წყაროსთავში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარში, ყანდაურასა და შიბლიანში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს.

საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები მესაკუთრეების ჩართულობით ჩამოთვლილ დასახლებებში უკლებლივ ყველა მიწის ნაკვეთს აზომავენ.

საბოლოოდ, შერჩეულ დასახლებებში სისტემური წესით დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი. რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.

საგარეჯოს გარდა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ხორციელდება, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში.

პროექტით კერძო მესაკუთრეებს საშუალება მიეცემათ მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შემდგომ კი შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები