თინათინ გაბრიჭიძე: დღეისათვის საქართველოში კოვიდინფიცირებულის ექიმთან დაკავშირების არავითარი პრობლემა აღარ არსებობს
დღეის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 1400-ია, რაც საგრძნობლად დაბალია წინა 3 კვირის მაჩვენებელთან შედარებით. რამ გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების კლება, მკაცრ შეზღუდვებთან ერთად და რა შეიცვალა ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით საქართველოში, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება ვაქცინაცია, რომლის დაწყებასაც დიდი იმედით ველით – ,,კვირა“ 1-ელი საუნივერსიტეტო კლინიკის ეპიდემიოლოგს, პროფესორ თინათინ გაბრიჭიძეს ესაუბრა:
-თვე-ნახევრის წინ, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პიკი იყო, პაციენტები უჩიოდნენ კომუნიკაციის ნაკლებობას ექიმებთან, “112”-ში დარეკვაც ძალზე პრობლემური იყო. დღეს ინფიცირებულთა მართვა მეტნაკლებად მოწესრიგდა. რა შეიცვალა ერთი თვის თავზე?
-მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4000-ს გასცდა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ადამიანებმა არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ, “112”-ში დარეკვა იმდენად პრობლემური იყო გადატვირთული ხაზებისა და მოპასუხე ოპერატორების სიმცირის გამო, რომ იქ დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. სიცხიანმა პაციენტებმა პირველ ეტაპზე ისიც კი არ იცოდნენ, როგორ მიეღოთ უფასო სამედიცინო დახმარება და გამოკვლევები, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა, რა შემთხვევაში დარჩენილიყვნენ სახლში და როდის იყო აუცილებელი მათი ჰოსპიტალიზაცია. გასაგები იყო მოქალაქეთა ნერვიულობა… ახლა სისტემა დალაგებულია. გადამზადდნენ სამედიცინო უნივერსიტეტთა სტუდენტები და დაემატნენ “112”-ს ოპერატორებად. დღეს უკვე ყველა ინფიცირებულმა იცის, საჭიროების შემთხვევაში ვის მიმართოს. მათი მართვა კოორდინებული გახდა. თუ პაციენტი დაზღვეულია რომელიმე სადაზღვევო კომპანიაში, ბინაზე მართავს დაზღვევის ოჯახის ექიმი, სხვა შემთხვევაში, უბნის პოლიკლინიკის ექიმი მათ თითქმის ყოველდღიურად ეკონტაქტება.
-მთავრობის განკარგულებით, უფასო, რეგულარული ტესტირება ეკუთვნით მთელი რიგი პროფესიების ადამიანებს, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ.
-ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რადგან ჯანმრთელი ადამიანები დაცულები იყვნენ მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსით მგზავრობისას. უფასო, ყოველკვირეული ტესტირება უტარდებათ მძღოლებს, კურიერებს, რომლებსაც დამკვეთისთვის მიაქვთ პროდუქტები მოქალაქეებისთვის; ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად ეკონტაქტებიან პაციენტებს, პროდუქტის მაღაზიიათა გამყიდველებსა და მთელ რიგ ფოკუსჯგუფებს.
-თუ ადამიანს ცხელება და კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათი ტესტირება უფასოა?
-ვისაც ეჭვი აქვს, რომ ინფიცირებულია, თვითდინებით მიდის რომელიმე ლაბორატორიაში პისიარ ან სწრაფი ტესტის ჩასატარებლად – ანალიზი, ამ შემთხვევაში, უფასო არ არის. უფასო სამედიცინო კვლევებით სარგებლობს რისკ ჯგუფის პაციენტები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტით ან სხვა რომელიმე ქრონიკული დაავადების დროს, მოხუცები და ასე შემდეგ.
-რამდენად გადამდებია რიგში მდგომი, შესაძლო ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის, როდესაც ლაბორატორიაში მიდის ანალიზის ასაღებად?
-მას აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე და იცავდეს 2-მეტრიან დისტანციას სხვა ადამიანებისგან. ამ შემთხვევაში, ასეთი პაციენტი მინიმალურადაა გადამდები. თუ მხოლოდ მე მიკეთია პირბადე და სხვას არა, ვერ ვიქნები დაცული. აუცილებელია, სხვასაც ეკეთოს პირბადე მაქსიმალური დაცულობისთვის. ყველაზე უსაფრთხო დამცველი რესპირატორია, რომელსაც სპეციალური დანიშნულებისთვის იყენებენ და სავალდებულო არ არის პაციენტებისთვის. ნიღბის სწორად ტარება, დამერწმუნეთ, ინფიცირების შანსს მინიმუმამდე აგდებს.
– თუ ინფიცირებული კარგად გრძნობს თავს და არავითარი ჩვენება არ არსებობს კლინიკაში მის გადასაყვანად, როგორ იმართება პაციენტი ბინაზე?
-ტესტის გაკეთების შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ ადამიანი ინფიცირებულია, მას ლაბორატორია ატყობინებს ანალიზის შედეგებს, რომელიც, პარალელურად, ეგზავნება ჯანდავიც სამინისტროსაც. მეორე დღესვე სამინისტრო, ინფიცირებულის პირადი ნომრის საშუალებით, უკავშირდება ოჯახის ექიმს, რომელიც ყოველდღიურ კონსულტაციას უწევს ავადმყოფს. თუ ოჯახის ექიმის ზარმა დაიგვიანა, ჯანდაცვის სპეციალურ გვერდზე ავადმყოფს თავად შეჰყავს საკუთარი პირადი ნომერი საძიებო ველში, სადაც ამოვარდება მისი პირადი ექიმის ტელეფონის ნომერი და შეუძლია, თავად დაუკავშირდეს მას. თუ ექიმთან დაკავშირების პრობლემა გაჩნდება, პაციენტი კვლავ რეკავს “112”-ში, სადაც მას მყისიერად პასუხობს სპეციალურად გადამზადებული ოპერატორი და აკავშირებს პირად ექიმთან. დამერწმუნეთ, დღეისათვის ინფიცირებულის ექიმთან დაკავშირების არანაირი პრობლემა აღარ არსებობს.
-ბევრს ეჭვი ეპარება ექიმის სატელეფონო კონსულტაციაში და შიშობს, რომ თუ პაციენტსა და ექიმს შორის პირადი კონტაქტი არ შედგება, შესაძლოა, ექიმს რამე გამოეპაროს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, თუმცა, მისი მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია?
-ასეთ პაციენტებს და მათაც, ვისაც იზოლაცია სჭირდებათ და ამის საშუალება სახლის პირობებში არ აქვთ, სთავაზობენ უფასო კოვიდსასტუმროებს, სრული სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სერიოზული სამედიცინო კვლევები ყველა პაციენტის შემთხვევაში საჭირო არ არის. ფილტვში დაზიანება რჩევა ყველა ინფიცირებულს, გააჩნია, დაზიანების ხარისხს. თუ პაციენტს ციანოზი, ქოშინი და სატურაციის დაბალი ხარისხი გააჩნია, ესე იგი, მისი მდგომარეობა საყურადრებოა და კლინიკაში უნდა მოთავსდეს. ,,კოვიდ 19“-მა გვასწავლა ჰოსპიტალური ტრიაჟის სისტემით პაციენტთა მომსახურება, რაც მათ დიფერენცირებას ნიშნავს რთულ, ნაკლებად რთულ და მსუბუქ პაციენტებად.
-ტრიაჟის სისტემა ჯერ ჯიდევ ფრანგმა ექიმებმა გამოიგონეს ნაპოლეონ ბონაპარტეს დროს.
-დიახ, ფრანგი ექიმები პაციენტებს 3 ნაწილად ყოფდნენ: ვის მკურნალობასაც აზრი ჰქონდა და გადარჩებოდა, ვინც ვერ გადარჩებოდა და ვისაც ჰოსპიტალიზაცია საერთოდ არ სჭირდებოდა. მკურნალობდნენ მათ, ვის მკურნალობასაც აზრი ჰქონდა. ჩვენ შემთხვევაში პაციენტები ხარისხდებიან სიმძიმის მიხედვით, ვისი მდგომარეობაც ძალიან მძიმეა – რეანიმაციაში ვათავსებთ, თერაპიული პაციენტები პალატებში წვანან, შედარებით მსუბუქი ფორმის პაციენტებს, ვისთვისაც კლინიკაში წოლა არაფერს შეცვლის, ვუშვებთ ბინაზე. მინდა, თქვენს მკითხველს ექიმების დაკვირვების შედეგი გავუზიარო: თუ ინფიცირებული ადამიანი მხნედ და შემართებითაა განწყობილი, კარგ ხასიათზეა და ოპზიმიზმითაა აღსავსე, მას გაცილებით მსუბუქად გადააქვს ვირუსი. იმ პაციენტებს კი, რომლებიც მუდმივ შიშში არიან, აქვთ დიდი სტრესი და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, მდგომარეობა უმძიმდებათ და გამოჯანმრთელების პროცესი ნაკლებად ეფექტურად მიდის.
-დღეისათვის რამდენად მობილიზებულია ჯანდაცვის სისტემა და რა ძირითადი პრობლემები არსებობს ინფიცირებულთა მკურნალობისას?
-სისტემა გამართულად მუშაობს. მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი 4000-ზე მეტი იყო, იგრძნობოდა მედპერსონალის, ძირითადად, რეანომატოლოგების დეფიციტი, თუმცა, რას ვიზამთ, სამედიცინო პერსონალი ერთ დღეში არ მზადდება და ამას წლები სჭირდება. სასურველი იქნებოდა ეკმოს აპარატების შეძენა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ძალზე ეფექტურია, რაც საშუალებას აძლევს მძიმე პაციენტის ფილტვს, დროებით დაისვენოს და თავად ახდენს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას. ასეთი აპარატები საქართველოში აქვთ კერძო კლინიკებს, მაგრამ იქ კოვიდინფიცირებულები ვერ ხვდებიან. ჯანდაცვის სისტემა აპირებს მათ შეძენას და უახლოეს პერიოდში, ალბათ, კოვიდკლინიკები მიიღებენ მას უმძიმესი პაციენტებისთვის, რაც საგრძნობლად გაამარტივებს ჩვენს მუშაობას.
– კოვიდ ინფექციის ახალი შტამი, რომელიც უკვე გავრცელდა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, რამდენად საშიშია იგი და ექვემდებარება თუ არა ვაქცინაციას, რომელსაც სულმოუთქმელად ელის მთელი მსოფლიო?
-ახალი შტამი იმითაა საშიში, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და მისგან პირბადეც ვერ გვიცავს, რადგან საკმაოდ მცირე ზონის მოლეკულებით ვრცელდება, რომელიც სამედიცინო პირბადეშიც აღწევს. როგორც ვხედავთ, ვირუსმა განიცადა მუტაცია, მაგრამ არა სრული, რადგან მისი სტრუქტურა უცვლელი დარჩა. სხვა მხრივ, ,,კოვიდ 19“-ზე საშიში არ არის, უბრალოდ, თუ ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობას მივიღებთ, გარდაცვლილთა რიცხვიც გაიზრდება. ვაქცინაცია ორივე შტამისთვის ერთნაირად იმოქმედებს, ამ მხრივაც გაგვიმართლა.
-მოქალაქეთა ნაწილს გაუჩნდა ეჭი, რამდენად უსაფრთხო იქნება ვაქცინა, თუნდაც, ევროპული, რომელიც უახლოეს ხანში შემოვა საქართველოშიც?
-კაცობრიობას ისტორიულად ახასიათებს ანტივაქცინური ფობია. ყოველგვარ ვაქცინას ადამიანი ეჭის თვალით ხვდება. გვახსოვს, წითელათი დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა წელიწადში 500 000 იყო, ახლა ნულია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მეტნაკლებად შეეგუენ ვაქცინაციის აუცილებლობას, მაინც მიაჩნიათ, რომ ის გართულებებს იწვევს და ის უსაფრთხო არაა.
-რამდენად გამართლებულია მათი ეჭვი?
-წინა თაობების ვაქცინებს ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც ახასიათებდათ გართულებები; ცერებრული დამბლა, ენცეფალიტები, ანაფილაქსიური შოკი. რაც შეეხებათ ახალ ვაქცინებს, ძველისგან განსხვავებით, რომლებიც ვერცხლის წყლის კონსერბანტებს შეიცავდნენ, თანამედროვე ვაქცინებში ვერცხლისწყალი მხოლოდ წარმოების დონეზე გამოიყენება და მათი შემცველობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ადამიანისთვის ზიანის მიყენება. საქართველო ელის ,,მოდერნასა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინებს, რომლებიც დაფუძნებულია ორგანიზმში ცილის შეყვანის პრინციპზე. ცილას, რომელიც ორგანიზმში შეჰყავთ, უჯრედულ დონეზე ორჯანიზმი საპასუხო რეაქციით პასუხობს, ამრავლებს ცილის მოლეკულებს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან.
-თუმცა, ადამიანთა დიდ ნაწილს იმუნიზაცია ადამიანეის გენეტიკის ცვლილებისკენ მიმართული ვაქცინა ჰგონია.
-სამწუხაროდ, არამხოლოდ სამედიცინო, რელიგიური ფობიებიც ადამიანის ისტორიულად აქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში. ვაქცინაციის აუცილებლობას ახსნა და მეთოდური მუშაობა სჭირდება მოსახლეობაში, რომელსაც 1-2 თვე არ უშველის. საერთოდ, ,,კოვიდ 19“-მა ბევრი რამ ასწავლა მსოფლიო მედიცინას: პაციენტთა ტრეაჟი, ჰოსპიტალური მიდგომები პანდემიის დროს, მაგალითად ის, თუ როგორ უნდა მოემსახუროს ექიმი პაციენტს, დაწყებული ექიმის სამედიცინო კოსტუმითა და აღჭურვილობით, დამთავრებული მრავალრიცხოვანი ტრენინგებით, რომელიც ასე აუცილებელი იყო თითოეული ჩვენგანისათვის. სამედიცინო სისტემა მეტად მოქნილი გახდა და დღეს ის მზადაა ავადმყოფთა მზარდი მასის მომსახურებისათვის. თუ ვაქცინაცია სწრაფად განხორციელდა, 2022 წლისათვის მსოფლიო თავისუფალი იქნება ,,კოვიდ 19“-სგან.
ია დანელია