გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე ენერგეტიკის სფეროსთან მიმართებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს როლზე ისაუბრა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ენერგეტიკის სფეროსთან მიმართებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გავუსვა პროცესში სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩართულობას. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ არა ბარიერი ბიზნესპროექტებისთვის, არამედ, ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტების დაცვა და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ყველა იმ საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც სახელმწიფოს განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გეგმის თანახმად, 2030 წლამდე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და განვავითაროთ რესურსები იმისთვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოების ხარისხი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ეროვნულ უსაფრთხოებაში,“ – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა.
საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი წელს მეორედ იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, სექტორში ინოვაციური მიდგომების გაზიარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და ფორუმზე განიხილება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები.
განახლებადი ენერგიის განვითარება წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის და ეკოლოგიური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.
ღონისძიება აერთიანებს სექტორის წამყვან წარმომადგენლებს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.