კომპანია „ღვინობისთვის“ წარმომადგენელი: ჩინეთი გამორჩეული ქვეყანა და საინტერესო ბაზარია ღვინის გაყიდვების მიმართულებით
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს ორგანიზებას.
საქართველოს ერთი პავილიონი მთლიანად აქვს დათმობილი სასურსათო პროდუქციას და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის, ქართულ ღვინოს.
კომპანია „ღვინობისთვე“/ნანობაშვილის მარანი ჩინეთის ბაზარზე კახეთში, სოფელ კარდენახში დამზადებული ბიო ღვინის გაყიდვას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორი თორნიკე ნანობაშვილი ამბობს, ჩინეთი გამორჩეული ქვეყანა და საინტერესო ბაზარია ღვინის გაყიდვების მიმართულებით.
მეწარმე იმედოვნებს, რომ ღვინო მაღალ შეფასებას მიიღებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ღვინო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს და წარმატებას მოუტანს ჩვენს კომპანიას და საქართველოს,“ – აღნიშნავს მეწარმე.
გამოფენაზე საქართველო 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი. ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა აქვთ ასეულობით ათას სტუმარს წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. წელს საქართველო გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ღონისძიებას ესწრება 40-მდე ქართული კომპანია. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000 ვიზიტორი სტუმრობს.