სამუშაოდან გაქცეული პატიმარი და დასჯილი ადგილობრივები – ნაცისტური გერმანია, 1942 წელი

მარინა ამარალის მიერ გაფერადებული ფოტო

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანების პირადი ისტორიების მოყოლა ან მოსმენა ხშირად ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ეს ის მასობრივი და ხანგრძლივი ტრაგედიაა, რომელსაც კაცობრიობა ვერასდროს დაივიწყებს.

რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი საშინელი წუთების, საათების, თვეების გადატანა მოუწია თითოეულ მათგანს. რამდენიმემ წარმატებით შეძლო გაქცევა, ზოგი გაქცეული უკან დააბრუნეს, ზოგი მოკლეს, ზოგმა კი ბოლოს და ბოლოს მოიპოვა თავისუფლება, თუმცა გზა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ძალიან, ძალიან მძიმეა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაცისტებმა აუშვიცის ბანაკი გაანადგურეს, რათა იქ არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები სხვის ხელში არ ჩავარდნილიყო. განადგურდა პატიმრების ფოტოებისა და სარეგისტრაციო ბარათების დიდი ნაწილი, ასევე სხვა მასალები. მიუხედავად იმისა, რომ აუშვიცის მემორიალურ არქივში დღესდღეობით 40 ათასამდე პატიმრის გადარჩენილი ფოტო ინახება, დატრიალებული საშინელების მასშტაბი გაცილებით დიდია.


ვინცენს დანიელი 1919 წლის 15 აგვისტოს მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ის პრაღაში კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა, ვინცენსი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ეს 1942 წლის 29 აპრილს მოხდა.

ბანაკში მას მიენიჭა პატიმრის ნომერი 33804 და დაარეგისტრირეს, როგორც ბოშური წარმომავლობის ჩეხი.

ვინცენსი განამწესეს Buna Kommando-ს ჯგუფში, რომელიც ქიმიური ქარხნის შენობაში მუშაობდა. 1942 წლის 27 მაისს, დაახლოებით, შუადღისას იგი თავისი სამუშაო ადგილიდან გაიქცა ახლომდებარე სოფლისკენ.

თვითმხილველთა მონათხრობით, გაქცეულმა გაირბინა მინდორი და დამშრალი ხელოვნური წყალსატევის გავლით, ტყისკენ გასწია. იგი გზადაგზა იხდიდა თავის ზოლიან უნიფორმას და სირბილს მხოლოდ საცვლებით აგრძელებდა. უცნობია, თუ რა ბედია ეწია შემდეგ უშუალოდ ვინცესს, თუმცა მომხდარის გამო, ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ადგილობრივი სოფლის მცხოვრებნი. რადგანაც მათი სახლები გაქცევის ადგილთან ახლოს მდებარეობდა, შუცშტაფელის ოფიცრებმა ისინი დააპატიმრეს და აუშვიცში გაგზავნეს. 3-თვიანი გამოძიების შემდეგ მათი ნაწილი გაათავისუფლეს, რამდენიმე მათგანი კი, ბანაკში დატოვეს, სადაც საბოლოოდ გარდაიცვალნენ კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები