სერგეი შამბა: სოხუმს ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება
“სოხუმს ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება”, – ამის შესახებ sova news– ს ოკუპირებული აფხაზეთის ე,წ უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა, სერგეი შამბამ განუცხადა.
„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები გაჩენილ ხანძარს უმკლავდებიან ”, – განაცხადა შამბამ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში, ტყის მასივში ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. რეგიონში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. მანამდე ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გალის რაიონის რამდენიმე ათეულ სოფელს.
ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩართულიყვნენ და დახმარება გაეწიათ ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.
თეა ახვლედიანის თქმით, 5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ამოქმედდა ,,ცხელი ხაზი,, ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ გამოითქვა მზადყოფნა, დახმარება გაეწიათ ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.