თეა ახვლედიანი: ჩვენ უწყვეტ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან

„სამწუხაროდ, ჩვენ მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში აქვს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომუნიკაცია არის ორმხრივი, თუმცა,  ამ დიალოგის დეტალები ჯერ ვერ საჯაროვდება.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეგულარულად და ინტენსიურად მინდინარეობს ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მიღმა, არამედ  – გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამ კუთხით, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამასა და მექანიზმს, რაც შეეხება ჯანდაცვას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამასთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამარტივება. ჩვენ კოვიდ პანდემიის პირობებშიც კი განსაკუთრებით აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი არაფორმალური კომუნიკაციის გზით მიაღწიეთ პროგრესს და ამ კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებიც დავაგროვეთ. შევძელით, გადმოგვეყვანა 1000-ზე მეტი სტუდენტი, რომელმაც შეუფერხებლად განაგრძო განათლება კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გაჩერებულა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რეფერალური ჯანდაცვის პროგრამით უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ რეგიონს კოვიდ 19-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება ანალოგიური დახმარების გაწევა, მათ შორის ახალგორში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც სამწუხაროა”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები