რამაზ საყვარელიძე: არსებობს ეჭვი და მოლოდინი, რომ ამერიკა სამოქალაქო ომის პირასაა

გუშინ მთელი მსოფლიო ჯერ არნახული და გაუგონარი მოვლენების მომსწრე გახდა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილი, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს. სამართალდამცავები იძულებულები გახდენენ, კონგრესმენთა ევაკუაცია დაეწყოთ. გამთენიისას სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კაპიტოლიუმზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა, არეულობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რა ხდება ამერიკაში და რა გამოძახილი ექნება ამ ყველაფერს მსოფლიოში – ამ საკითხზე „ კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

-რა სჭირს ამერიკას, არის კი ის მართლა დემოკრატიის შუქურა, როგორც ამას აღიქვამდა დანარჩენი მსოფლიო?

რთული თემაა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელებისთვის. ჩნდება ეჭვი, სამოქალაქო ომის პირას ხომ არაა ამერიკა იმ ყველაფრის ფონზე, რაც იქ ხდება. ტრამპს ხშირად აკრიტიკებდნენ, ამერიკული დემოკრატიის მიმართ ეჭვი გააჩინაო. არ მგონია, ეს შეფასება ბოლომდე მართებული იყოს. ტრამპმა დაიძახა – უბრალოდ მატყუებენ და გვატყუებენო. ეჭვი გააჩინა მეორე მხარემაც თავისი საქციელით. ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს და, სხვათა შორის, დემოკრატიის მომხრეებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

-ის, რაც ახლა ამერიკაში ხდება, არის ერთი ახირებული კაცის, თუნდაც, პრეზიდენტის ბრალი თუ საქმე გვაქვს სისტემის ხარვეზთან?

ტრამპმა უბრალოდ ყვირილი ატეხა, თორემ რაც ხდება, ეს სისტემის ხარვეზებია. შემთხვევითი არ იყო თავის დროზე ტრამპის არჩევაც. სწორედ არსებული სისტემით უკმაყოფილო ხალხმა მისცა მას ხმა. პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ტრამპის ყოფნა-არყოფნა. პრობლემა არის ის, რომ დემოკრატებმა გადაწყვიტეს, ისეთი სისტემა ააგონ, რომელიც დემოკრატიას დაჩრდილავს. ასეთი სისტემის წინააღმდეგ უძლური ხდება საარჩევნო პროცესი. ვნახეთ კიდეც. ტრამპმა ვერსად, მოსამართლეებთანაც კი ვერ იპოვა სამართალი. ეს ყელაფერი იმ დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ამერიკულ დემოკრატიაში ბევრი რამეა კიდევ დასაზუსტებელი.

-გუშინდელ მოვლენებს წინ უსწრებდა არანაკლებ მძაფრი დაპირისპირება ამერიკის ქალაქებში. ვგულისხმოვ „ანტიფასა” და მისი მომხრეების აქტივობებს, რომლებიც პოლიციის მიერ ერთ-ერთი აფროამერიკელის მკვლელობას მოჰყვა. გუშინდელი კულმინაცია იყო თუ ველოდოთ მოვლენების შემდგომ ესკალაციას?

ტრამპიც ამბობდა და ბევრი ანალიტიკოსიც, რომ ის, რაც ამერიკის ქალაქებში ხდებოდა, გარკვეულწილად, სწორედ დემოკრატების მიერ იყო პროვოცირებული. ამ მოვლენებს თავისი პოლიტიკური ისტორიაც აქვს. რაც მოხდა და რაც ხდება, იგივე გადაჭარბებული ლიბერალიზაცია, რასობრივი პრობლემების გადაუჭრელობა, სოციალური საკითხები, უკონტროლო მიგრაცია – ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მულტიკულტურიზმმა, რომლის ეტალონადაც აშშ ითვლებოდა, არ გაამართლა?

მულტიკულტურიზმი ჰქონდა აშშ-ს და მთლიანად დასავლეთს დროშად. მერე გერმანიის კანცლერმა, მერკელმა განაცხადა, არ გამოგვივიდა ექსპერიმენტიო. არც გამოვა. რატომ? ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს იქ, სადაც სურს. ამ პრინციპს ემორჩილება დასავლეთი. შესაბამისად, ის კარს უხსნის ყველა მსურველს. ემიგრანტებიც ჩადიან მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებში. ახლა ისმის კითხვა, როდემდე? აი, აქ ჩნდება პრობლება, ანუ რა წესითა და კანონებით ცხოვრობას ამჯობინებენ მიგრანტები. ხშირ შემთხვევაში ისინი უგულებელყოფენ იმ ქვეყნის წესებსა და კანონებს, სადაც ჩადიან. თუ ამ ხალხს აიძულებ, დაემორჩილონ წესებს, მიიღებ კონფლიქტს. მოკლედ, ერთგვარი მოჯადოებული წრეა, რომლის გასაღებიც საპოვნელია. მოკლედ, გუშინდელი მოვლენები ამერიკაში და, ზოგადად, მსოფლიოში არსებული სიტუაცია აჩვენებს, რომ დემოკრატიას განვითარება კიდევ სჭირდება.

-ტრამპის გაპრეზიდენტებას აშშ-ში ხშირად რუსეთს და პუტინს მიაწერენ. მართლა ასეთი ყოვლისშემძლეა პუტინი და მისი რუსეთი?

პუტინს აგერ ყურისძირში ვყავართ მისთვის საკმაოდ არაკომფორტული ქვეყანა. იმის თქმა, რომ თქვა საქართველოში ყველაფერი ისე მიდის, როგორც მას უნდა, არ იქნება მართებული. როგორც ჩანს, მას არ აქვს ჩვენზე ზემოქმედების ისეთი მძლავრი მექანიზმები, რომ ჩვენს დასავლეთისკენ სვლას ხელი შეუშალოს. ფაქტია, რომ მივდივართ დასავლეთისკენ. ანალოგიური მდგომარეობაა ბალტიისპირეთში, უკრაინაში, სომხეთსა და თვით ბელორუსშიც. იქაც კი ბევრი რამ მიუღებელი ხდება პუტინისთვის და ამერიკის ბედ იღბალ წყვეტს? როგორც ჩანს, პუტინი არაა ყოვლისშემძლე. ცოტა არასერიოზული მგონია ასეთი დამოკიდებულება.

-ასეთ მოცემულობაში საქართველოს ადგილი სადაა, ვინმეს სცალია ჩვენთვის, დასავლეთს ვგულისხმობ?

წესით, უნდა ეცალოთ და, პირველ ყოვლისა, ჩვენ. ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ სხვებს ველოდებით, რას გააკეთებენ და გაგვიკეთებენ. ეს მაშინ, როცა საკუთარი შესაძლებლობები არ ამოგვიწურავს. დასავლეთიც ხომ იმას გვეუბნება, ჯერ შენთან გაარკვიე სიმართლე და მერე წამოდი, ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოში. სხვა საკითხებზეც იმავეს თქმა შეიძლება. მაგალითად, ეკონომიკაზე. დაინტერესებულნი ხომ ჩვენ ვართ, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. შესაბამისად, ძალისხმევაც ჯერ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ.

-გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) მოხსენების თანახმად, 2028 წელს ამერიკა აღარ იქნება ეკონომიკურად ყველაზე მძლავრი ქვეყანა და მას ჩინეთი ჩაანაცვლებს? ამ სიტუაციაში საქართველოს პრიორიტეტების გადალაგება ხომ არ მოუწევს?

ამგვარი გადალაგების ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩანს. როგორც ვიცით, საქართველომ ზედმეტი ხმაურის გარეშე, წყნარად გაუხსნა კარი ჩინურ ტრანზიტს. რამდენიმე მატარებელმა უკვე გაიარა ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით და პირიქით – საქართველოზე. რა თქმა უნდა, სირთულეები ჩნდება, როცა ჩინეთთან ხელსაყრელი ურთიერთობების დამყარებას ვცდილობთ და, ამავდროულად, ამერიკა შენი წამყვანი პარტნიორია. ეს მდგომარეობა საქართველოსთვის უცხო არაა. ისტორიულად ასე ვიყავით. დიდ ქვეყნებს შორის მანევრირება საქართველოს ყოველთვის უწევდა. ძალთა ბალანსი თუ შეიცვლება, ჩვენც მოგვიწევს საგარეო პოლიტიკის ერთგვარი გადალაგება და მეტი ბალანსის დაცვა. ჯერჯერობით, სანამ დომინანტი არის დასავლეთი და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ერთგვარი დისბალანსი გვაქვს ღია საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, ისიც ჩანს, რომ, რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უკვე უწევს გარკვეული კორექტირების შეტანა.

-თავის დროზე, სამხეთ ამერიკაში ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზას – რა შორსაა ღმერთი და რა ახლოსაა ამერიკა. ჩვენთან ამ გამონათქვამის ასეთი ტრანსფორმაცია მოხდა – რა შორსაა ამერიკა და რა ახლოს – რუსეთი. რა ეშველება ამ მოცემულობას. ჩვენში იმასაც კი ამბობდნენ, წარმოვიდგინოთ, რომ კავკასიონს მიღმა რუსეთი კი არა, ოკეანეაო. ვთქვათ, წარმოვიდგინეთ, მერე?

სამწუხაროდ, კავკასიონს მიღმა რუსეთია და არა – ოკეანე. ხშირად გაიგონებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დასალაგებელია. მე მგონი, არაა ამ განცხადების ავტორების მიერ სიტუაცია სწორად შეფასებული – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი ჩვენთან ურთიერთობის დალაგების. რუსეთს თათი აქვს დადებული ჩვენს ტერიტორიებზე და აღებას არ აპირებს. რა უნდა შევთავაზოთ რუსეთს, რომ ოკუპაციაზე უარი თქვას. უნდა ვაღიაროთ, რომ მოცემულ მომენტში ასეთი, რუსეთისათვის მიმზიდველი შეთავაზების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი, თუ ოკუპაციას შევეგუებით. ეს კი გამორიცხულია და დაუშვებელია. არ შეიძლება, იყო ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას შეეგუება იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. რა გარანტიაა, რომ ამით დაკმაყოფილდება. ჩვენ რუსეთს ფიზიკურად ვერ ვაჯობებთ. გვრჩება მოთმინება. უნდა ველოდოთ იმ დროს, როდესაც რუსეთი ვეღარ შეძლებს, იყოს ოკუპანტი. მოვლენების ამგვარი განვითარება არ არის გამორიცხული იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მძიმე დღეშია. მოკლედ, უნდა დაველოდოთ რუსეთის ისეთ დასუსტებას, როდესაც თვითონ აფხაზები და ოსები შეაქცევენ მას ზურგს. რამდენიმე ასეთი ნიშანი უკვე იყო, როცა რუსეთს გაუჭირდა მათი დაფინანსება. მოკლედ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არის, თუმცა, არა რუსეთთან შუბლით “დატაკებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები