მიხეილ სარჯველაძე: „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მოქმედება შესაძლოა, გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მოქმედება შესაძლოა, გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომლებმაც პატიმრობის პერიოდში სტუდენტის სტატუსი მოიპოვეს.
„გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, პირობებით გავრცელდეს ამნისტია და შინაპატიმრობით მოხდეს სასჯელის შეცვლა ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის. ამ შემთხვევაში, იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალების სასჯელის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით, მოუხდელი ნაწილის. ასევე, სტუდენტებზე, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში, შესაბამისად, ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს, შეიძლება, ეს შეღავათი რომ გავრცელდეს. ბუნებრივია, ამით მათ მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ რესოციალიზაციისთვის. აქ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ეხება არა მომავალში ვინც სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს, არამედ – კანონის მიღების მომენტში. ეს ვერ შეეხება, ბუნებრივია, ყველა იმ ადამიანს, ვინც სტუდენტი გახდება მომავალში, ეს არის კანონის მიღების მომენტისთვის, ვისაც აქვს ასეთი სტატუსი მოპოვებული. მომავალში თუკი იქნება, ეს შეიძლება, დადებითად ახასიათებდეს პიროვნებას, თუ ის სწავლას მოჰკიდებს ხელს, თუმცა, ამნისტია ვერ იტყვის იმას, რომ ვინც სტუდენტი გახდება, მას ეს შეღავათი ექნება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.