დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არ შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეხმაურება.
მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება არითმეტიკული პროგრესიით, ხოლო მოხმარება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რაც ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის და საქართველო იძულებულია, ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს:
„საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ არც თუ სასიამოვნო ამბავი შეიტყო, გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, რაც გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გარდაუვალი იყო, შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელია”. ბოლო წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება არითმეტიკული პროგრესიით, ხოლო მოხმარება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რაც ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის და საქართველო იძულებულია (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში) ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.
(ელექტროენერგიის შესყიდვა შემდეგი ქვეყნებიდან ხდება: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი). აღნიშნული, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გაძვირებას იწვევს, სამწუხაროდ დღეს საქართველოს არ შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
საქართველოსთვის აუცილებელია სწორად გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული წყლის რესურსები და განავითაროს ჰიდროელექტროსადგურების ქსელი, რომელიც ჭარბი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამოიწვევს, დღეს საქართველოში 93 ჰიდროგენერაციის ობიექტი არსებობს, რაც საქართველოში არსებული წყლის რესურსების მხოლოდ 20%-ის ათვისებას იწვევს.
ჰიდროელექტროსადგურების კუთხით, საქართველოსთვის საინტერესო მაგალითია ნორვეგია, სადაც დღეს 1600 ჰიდროელექტრო სადგური მოქმედებს. ნორვეგია ქვეყანაში არსებული წყლის რესურსის 60%-ზე მეტს იყენებს, საქართველო კი მხოლოდ 20%-ს. ჰიდროელექტრო სადგურები, არ არის ენერგიის გამომუშავების მოძველებული წყარო და მას რეალურად შეუძლია ქვეყანაში დოვლათის შექმნა, რადგან ელექტროენერგია პირდაპირ კავშირშია ბიზნესის მრავალი სექტორის განვითარებასთან, რაც ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდას იწვევს.
თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე რეიტინგში ნორვეგიის პოზიციას გაჩვენებთ.
ნორვეგია:
⭕ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 80 წელი;
⭕ ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი: მსოფლიოში მე-10 ადგილი;
⭕ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი: მსოფლიოში მე-2 ადგილი;
⭕ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი: მსოფლიოში მე-3 ადგილი და ა.შ.
მუდამ ვამბობთ, რომ საქართველო წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ სიტყვის იქით არ მივდივართ, ამიტომ ვართ მითიური წყლით მდიდარი ქვეყანა, რომელიც საკუთარ პოტენციალს პრაქტიკაში ვერ იყენებს. საჭიროა არსებული რესურსების ჭკვიანურად და რაციონალურად გამოყენება, ყოველი უმოქმედო დღე საქართველოსთვის დაკარგულ მილიონებს, ხოლო მოსახლეობისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს ნიშნავს!”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.