ანრი ოხანაშვილი: უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, დემოკრატიულ პრინციპებსა და პარლამენტს

„როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და დაავალა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას შესაბამისი ინტერესების წარმომადგენლობის განხორციელება, რაც არის დემოკრატიის პრინციპის მთავარი ფუნდამენტი, თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპს და საბოტაჟს უცხადებს, როგორც ამომრჩეველს, ასევე, დემოკრატიის პრინციპსა და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, კანონპროექტი არ ეხება დღემდე წარმოშობილ ურთიერთობებს.

„აქ შეიძლება, დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადი შეიტანა ცესკო-ში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ, თუმცა, საუბარი იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პერსპექტივაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს დემოკრატიულ პრინციპებსა და საკონსტიტუციო ორგანოს – პარლამენტს”, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები