გიორგი ლომია: საქართველო არაერთხელ შესულა პოლიტიკურ ჩიხში, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის უპოვნია

,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს საქარველოს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. ,,კვირა“ ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, გიორგი ლომიას დაუკავშირდა.

– მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ემიჯნებით ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობას, აღმოჩნდა, რომ მოთხოვნები მაინც საერთო გაქვთ?

– ემთხვევა თუ არა ჩვენი მოთხოვნები ერთიანი ოპოზიციის მოთხოვნებს, არ ვიცი, მაგრამ ,,პატრიოტებს“ გვაქვს საკუთარი პოზიცია და მიგვაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ, ხელისუფლებისგან ვითხოვთ, ნახევარ წელიწადში იქნება თუ ერთ წელიწადში, სასწრაფოდ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ არ მოხდება ასეთი შეთანხმება ხელისუფლებასთან, ჩვენი საპარლამენტო მოღვაწეობა აზრს დაკარგავს.

– როგორ უნდა აიძულოს ერთიანმა ოპოზიციამ ხელისუფლება, დაითანხმოს რიგგარეშე არჩევნებზე, როდესაც ,,ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარიც ზედმეტია?

– ხელისუფლება იძულებული გახდება, დაეთანხმოს ოპოზიციის მოთხოვნას, რადგან პარლამენტში 100 მანდატსაც ვერ აგროვებს. არის მთელი რიგი კანონებისა, რომელსაც 100 დეპუტატის ხმა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაეშლება კანონშემოქმედებითი მუშაობა და ძალიან გაუჭირდება დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზით მიდის და არ ემსგავსება, თუნდაც, ჩრდილო კორეას.

– იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პარტია და დეპუტატი მაინც დათანხმდა პარლამენტში შესვლას და ოპოზიციური ერთობა დაირღვა?

– თუ ,,ქართული ოცნება“ მაინც შეძლებს 98 სადეპუტატო მანდატის მოგროვებას და რამდენიმე დეპუტატს ან პარტიას გადაიბირებს, უცხოელ პარტნიორებთან მისი იმიჯი ოდნავ გამოსწორდება. მართალია, ისინი 100 დეპუტატს ვერ გადასცდებიან, სამაგიეროდ, ხმათა ორ მესამედს მოაგროვებენ. თუ პარლამენტის საერთო შემადგენლობის ორ მესამედს ხელისუფლება ვერ მოაგროვებს, მაშინ საკანონმდებლო ორგანო არასრულფასოვანი იქნება და მას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა დაუდგება.

– ორთვიან მოლაპარაკებათა პროცესი, მასთან ერთად კი ქვეყნის რეალური პოლიტიკა ჩიხშია შესული, მე-5 რაუნდზე რა შეიძლება, გახდეს საუბრის თემა?

-არაუშავს, ჩვენი ქვეყანა არაერთხელ შესულა პოლიტიკურ ჩიხში, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის გვიპოვნია. მე-5 რაუნდის თემა ერთდერთი შეიძლება, იყოს – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

-სამომავლო შეთანხმების იმედითაც არ შეხვალთ პარლამენტში?

-ახლა საქართელოში არ ვარ, ვიდრე წავიდოდი, წინასწარ დავწერე განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნაზე. ასე რომ, მოლაპარაკებები გაგრძელდება თუ არა, პირადად ჩემს გადაწყვეტილებაზე არ აისახება. ისეთ პარლამენტში, რომელშიც არცერთი ოპოზიციონერი არ ზის, ,,პატრიოტთა ალიანსის“ ყოფნა აზრს კარგავს და არაპროდუქტიული ხდება. რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან. ნახევარი ან ერთი წლის ვადით დეპუტატობას კი აზრი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები