არჩილ თალაკვაძე: მიმდინარე კვირაში, როდესაც მთავრობა არის პარლამენტში, ასევე პრემიერი წარდგება პლენარულ სხდომაზე, პანდემიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, როდესაც პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ასევე, პრემიერმინისტრი წარდგება პლენარულ სხდომაზე, პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართება და საზოგადოება მეტ ინფორმაციას მიიღებს.

„მიმდინარე კვირაში, როდესაც მთავრობა არის პარლამენტში, ასევე, პრემიერმინისტრი წარდგება პლენარულ სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შევძლებთ დისკუსიას, კითხვების დასმას და მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას.

იმედისმომეცია ის, რომ კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით ყოველდღიურად არის სიახლეები, ასევე, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, ვინც მუშაობს და ამზადებს ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა პირობას. იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს შესაძლებელ ვადებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

საბოოლოოდ, ეს მოიტანს იმას, რომ პანდემია დასრულდება, ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პანდემიამდე არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები