“ოპოზიციამ აირჩია დესტრუქციული გზა, ისევ აანონსებენ აქციებს, რევოლუციური სცენარებიც გაჟღერდა, ეს არის სახელმწიფოსთვის ზურგში დანის ჩარტყმა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას “საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ვეფხვია გულედანმა განაცხადა.
გულედანმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
„არჩევნები როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან დადებითად შეფასდა. რასაკვირველია, იყო რიგი გადაცდომები, თუმცა, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.
ამის შემდგომ ვიხილეთ ოპოზიციის ისტერიული, გეგმაზომიერი პოლიტიკა, განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი არც დაელოდნენ ცესკო-ს დათვლებს, საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებსა და მოწოდებებს. მეორე დღესვე მოვისმინეთ რიტორიკა, რომ არჩევნები არის გაყალბებული, არალეგიტიმური. პროცესებმა ცხადყო, რომ ეს იყო მათი პოლიტიკური კამპანია, რომელიც დღესაც გრძელდება. როდესაც პრეტენზიას აყენებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, საგულისხმოა ის მდგომარეობა, რომ საარჩევნო უბნების ჯამური რაოდენობა 3 800-მდეა, ხოლო ოპოზიციის პროტესტი გამყარებულია, დაახლოებით, 50 უბნის მონაცემებით, რაც საერთო უბნების 1.3% შეადგენს“, – განაცხადა გულედანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები რუსულ ინტერესებს ემსახურება.
„ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლის ისტერიული კამპანია დაიწყო. ეს ერთგვარი დესტრუქციაა. 150 მანდატის მქონე პარლამენტში ოპოზიციამ მოიპოვა 60-მდე მანდატი. ჩვენი შეფასებით, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმისათვის, რომ 4 წლის მანძილზე საპარლამენტო მუშაობა აქტიურად განეხორციელებინათ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ. თუმცა, ვხედავთ გეგმაზომიერ ნაბიჯებს, რომელიც მიდის დესტრუქციული ქმედებებისკენ. მათ არ უნდათ, რომ ქვეყნაში სტაბილურობა იყოს.
ასევე, აღსანიშნავია ის, რომ რეგიონში ჩვენს მეზობლებს საომარი მდგომარეობა ჰქონდათ. ამ ფონზე განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რაც ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქმედებები თავიდან ბოლომდე, გარკვეულწილად, რუსულ ინტერესებს ემსახურება. სამხრეთ კავკასიაში არეულობით რუსეთმა ისარგებლა, პოზიციები გაიმყარა. პარალელურად კი საქართველოში ოპოზიციის აქციები მიმდინარეობდა, არეულობის შექმნის მცდელობა იყო. თუმცა, ეს არ გაუვიდათ“, – განაცხადა გულედანმა.
“საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდას: ელჩები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ არჩევნების შედეგები იყო ლეგიტიმური. მათი და მთელი საზოგადოების სურვილია, რომ ოპოზიციამ გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა. თუმცა, როცა მოლაპარაკებები დაიძრა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელი გახდა, მათ მანდატები საჯაროდ დათმეს. ეს იყო ხისტი ნაბიჯი, მოლაპარაკებების დასრულება. კარლ ჰარცელმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს დაშორდნენო. აქ ზუსტად ის არის ნაგულისხმევი, რომ პარტიები პოზიციურად დაშორდნენ. როცა მათ მანდატებზე უარი თქვეს, მოლაპარაკებებს აზრი დაეკარგა. ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიცია. მათ აირჩიეს დესტრუქციული გზა, ისევ აანონსებენ აქციებს, დესტრუქციული ქმედებებით აპირებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას, არ აინტერესებთ ის მძიმე სოციალური ფონი, რომელიც პანდემიამ შექმნა. რამდენიმე პირის მიერ რევოლუციური სცენარები გაჟღერდა. ეს არის სახელმწიფოსთვის ზურგში დანის ჩარტყმა, სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპით მოლაპარაკებები შედგება, ან შემედეგ ფაზაში გადავა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ გონს მოვლენ და საერთაშროისო საზოგადოების მოწოდებას გაითვალისწინებენ.
ასევე საგულისხმოა „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის განცხადება, ის – თუ როგორი განცხადებით დატოვა მან ეს თანამდებობა. პიდაპირ ხაზგასმულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია ევროპულ და დემოკრატიულ გზას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიგეგმა და მიმდინარეობს ისეტრიული კამპანია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ელჩების წინააღმდეგ“, – განაცხადა გულედანმა.