ივანე მაჭავარიანი: საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა
საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა, – ამის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცზადა.
მაჭავარიანმა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა.
„ამ მიმართულებით დაგეგმილია მუშაობის გააქტიურება ამ პერიოდისთვის გამოვლენილ ფაქტებზე, რათა მოხდეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად ანაზღაურება. გაძლიერდება ღონისძიებები უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის პარალელურად, გააქტიურდება მუშაობა ამ სფეროში შესაძლო გამოსავლენად. გაგრძელდება კვების მრეწველობაში არაკეთილსინდისერი მეწარმეების გამოვლენა, რომელთა მხრიდანაც ადგილი აქვს პროდუქციის ფალსიფიკაციას”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1 400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.