მამუკა არეშიძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ლიდერმა შექმნეს მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ლიდერმა შექმნეს მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის”, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
არეშიძის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების საკითხში ოპოზიციის ქმედება აბსურდულია და ეს ყველაფერი ფარსს დაემსგავსა.
,,ჩემი აზრით, შეთანხმების მიღწევა უკვე შეუძლებელია და ამაზე მიუთითებს ორივე მხარის მოქმედება… “ქართული ოცნება” არავითარ შემთხვევაში არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თუ განსაკუთრებული ვითარება არ შეიქმნა – ვგულისხმობ პანდემიიდან გამომდინარე ისეთი სიტუაციას, როდესაც ჩამოიშლება ქვეყანა, ეკონომიკა, ვეღარ გავუმკლავდებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებას, აბსურდული ვითარებაა შექმნილი და ეს ყველაფერი ფარსს დაემსგავსა. უკვე ისმის ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები. ვგულისხმობ, მაგალითად, ბოკერიას ნახსენებ “ლეგიტიმურ რევოლუციას”, ასევე განცხადებებს, რომ “მშვიდობა არ იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება” და ა.შ. უკვე მუქარის ტონი გაჩნდა, მაგრამ ესეც არ არის საქმე. როდესაც ოპოზიციის მოქმედებებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ მათი რადიკალური ნაწილის მიზანი – ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით, ანუ მათი მოქმედების დევიზია: “ან ყველაფერი, ან არაფერი!” კიევიდან დაკვეთაც ასეთია.
სააკაშვილი არჩევნების შედეგად სხვა რეალობას ელოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია ერთიანად მოახერხებდა “ქართული ოცნების” დამარცხებას. ამისთვის ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი! აქედან გამომდინარე, მისთვის შექმნილ ვითარებაში ფსიქოლოგიურად გადაწყობა წარმოუდგენელია. სწორედ მისი დავალებაა ეს რევოლუციური რიტორიკა.
ოპოზიცია ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია გასაგებია; “ევროპული საქართველოსთვის” კი პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს – ჯერ ძალიან ცოტა დეპუტატი ჰყავთ და მათშიც ლიდერები ვერ ხვდებიან; “მოქალაქეებისა” და “გირჩის” პოზიცია კი ორჭოფულია იმიტომ, რომ ისინი თავიანთი შედეგებით კმაყოფილი არიან. შეიძლებოდა მეტიც, მაგრამ “გირჩს” ნამდვილად არაფერი აქვს საპრეტენზიო. მაგრამ არარადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ამინდს ვერ შექმნიან, ამიტომაც “ნაცმოძრაობის” შეთავაზებული დღის წესრიგით მოქმედებენ. ეს დღის წესრიგი რომ არ არსებობდეს, რომ არ იყოს შიში მუდმივი ბულინგისა და დისკრედიტაციისა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე პარტია აუცილებლად შევიდოდა პარლამენტში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ლიდერმა შექმნეს ასეთი მოჯადოებული წრე, რომლიდანაც ახლა ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ვეღარ გამოდის. აქ არის ერთი ფაქტორიც – შექმნეს ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომ ისეთ პარტიებსაც კი, როგორიც არის “პატრიოტთა ალიანსი”, აღარ შეესვლება პარლამენტში, ანუ თავიდანვე, არჩევნების დღესვე, პირველივე წუთებიდან შექმნეს იმგვარი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა გამოირკვა – თურმე ასე სულაც არ არის და ხარვეზებს შედეგზე არ უმოქმედია, ამის დასაბუთებას დრო დასჭირდა, რაც “ნაციონალების” შესაბამისმა პიარსამსახურმა ძალიან კარგად გამოყენა. ეს სამსახური, ჩემი აზრით, დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებით. მოკლედ, ისე იმუშავეს, რომ დანარჩენებს პარლამენტისკენ გზა მოუჭრეს.
გახსოვთ, ალბათ, ელისაშვილს აშკარად ჰქონდა სურვილი, პარლამენტისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საბოლოოდ მოახერხეს მისი დაბლოკვა, შექმნეს რა მის წინააღმდეგ არნახული ტერორის რეჟიმი.
მოკლედ, ყველაზე დიდი პრობლემა ის მგონია, რომ “ნაცმოძრაობის” ეს პოზიცია – ან ყველაფერი, ან არაფერი – გულისხმობს ყველანაირ ქმედებას იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საპროტესტო აქციებს, არამედ ისეთ ქმედებებსაც, რაც მოვისმინეთ კიევში მყოფი ადამიანების სატელეფონო საუბრებში, ანუ ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლას. არიან თუ არა კონკრეტული ადამიანები ამის გამკეთებლები, სხვა საკითხია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამაზე ლაპარაკობს, ეს დიდი პრობლემაა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს “ლეგიტიმური რევოლუცია”, თუ არა ძალისმიერ ქმედებებს,”- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშაძეს აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება, მაგრამ არ შეუძლია გაუთავებლად ქუჩაში სირბილი, მით უფრო – რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა.
,, გრიგოლ ვაშაძე არის ეპიკურე, ანუ კარგ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი. ის ამ პოსტზე აღმოჩნდა სააკაშვილის კაპრიზის გამო, რომ მას არ ჰყოლოდა კონკურენტი პარტიის ხელმძღვანელად. თვითონ ვერ იქნებოდა და შეარჩია ასეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნებოდა დიდი პრეტენზიები. ვაშაძეს აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილება, მაგრამ არ შეუძლია გაუთავებლად ქუჩაში სირბილი, მით უფრო – რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა. ვაშაძის გადადგომაც აჩვენებს იმას, რაც მე უკვე გითხარით – მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” შემდეგ ეტაპად ფიქრობს. ჩემი აზრით, ეს იყო დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე მისი გააზრებული ნაბიჯი.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, “ნაციონალურ მოძრაობას” ჩემი რჩევა არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მას ისეთი ადამიანი უნდა ჰყავდეს სათავეში, რომელსაც მხრებზე 2004-2012 წლების სიმძიმე არ აწევს. ეს შეიძლება იყოს ნიკა მელია.
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მონაწილეობდა “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში, ის მაინც რიგითი ჩინოსანი იყო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების სიმძიმე მას არ აწევს.
ხალხის ქუჩაში გასვლაც ხელისუფლების ხელშია. როდესაც ხალხი 2012 წელს ქუჩაში გამოვიდა და გრანდიოზულ აქციებში მიიღო მონაწილეობა, ეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარეობდა. ახლაც ხელისუფლების ხელშია, მოახერხებს თუ არა, გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას და კორექტულად და გააზრებულად მოიქცეს პანდემიის შემდეგ. პოსტპანდემიური ვითარება ასე სწრაფად არ გვექნება, მაგრამ ვითარების ლოკალიზება და მისი მართვა შესაძლებელია. ამაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ერთია საპროტესტო აქციები და მეორეა რევოლუცია…
არ ვიცი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რევოლუციის ხსენებაში რას გულისხმობენ, მაგრამ ეს ჩემთვის არის პროცესების ძალისმიერად წარმართვა, რაც ქვეყნის დანგრევად დაგვიჯდება”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.