ნინა კობახიძე: გავრცელების რაოდენობა შეკავებულია, ტესტირების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, 4 000-5 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და ეს არის მართვადი
ამ ეტაპისთვის ტესტირებებმა მოგვცა ის შედეგი, რომ გავრცელების რაოდენობა შეკავებულია და ჩვენ ვიცით, რომ ტესტირების რაოდენობის მიუხედავად 4 000-5 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და ეს არის მართვადი ამ გადასახედიდან, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველკვირეულად განიხილება, რა სიტუაციაა იმ კლინიკებში, რომლებიც კოვიდის მართვაშია ჩართული. კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალსის” ქსელმა უკვე დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოხდეს კოვიდპაციენტების მართვა.
„რა თქმა უნდა არის საკითხები, რომელზეც ყოველკვირეულად თათბირებზე ვმსჯელობთ – რამდენი პაციენტი გვყავს მართვით სუნთქვაზე, როგორ შეგვიძლია რეგიონის მიხედვით კლინიკებისა და კოვიდ სასტუმროების გადანაწილება მოვახდინოთ სწორად. „ჯეო ჰოსპიტალსის” ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოვახდინოთ კოვიდპაციენტების მართვა და ასევე, ამბულატორიის ქსელის მეშვეობით უკვე ბინაზე დარჩენილი პაციენტების სწორი მართვა განვახორციელოთ. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებულნი ვართ, რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს ვცვლით. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენს ექიმებს მივცეთ საშუალება ღირსეულად მოემსახურონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს”, – განაცხადა ნინა კობახიძემ.